28 სექტემბერი 2021,   18:06
ვრცლად
გაერთიანების იდეა, თუ მონოპოლიზების მცდელობა - ნიკა მელიას ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს

"ქართული ოცნების" შემდეგ მერობის კანდიდატი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასახელა. ნიკა მელია თბილისის მერობის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები იქნება. დღეს კანდიდატებმა კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყეს.

ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას მხარს უჭერს "გირჩი მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო". ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი სურვილია, მის გარშემო სხვა პარტიებიც გაერთიანდნენ, თუმცა, იქვე ამბობს რომ მათ გარეშეც შეძლებს ამომრჩევლების ხმების მიღებას.

კოლეგების აზრს არ ეთანხმებიან დანარჩენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ნიკა მელიას, საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა, სავარაუდოდ, არ ექნება. პოლიტიკოსების განმარტებით, გაერთიანების იდეით "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური სპექტრის მონოპოლიზებას ცდილობს, რაც მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მიზნებს უწყობს ხელს.

მმართველ გუნდში ნიკა მელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილის შანსებს სკეპტიკურად უყურებენ.  "ოცნებაში" მელიას პოლიტიკური დესტაბილიზაციის სიმბოლოდ მიიჩნევენ, რომელიც ამომრჩევლის გემოვნებაშიც არ ჯდება. 

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება . ჯერჯერობით, ცნობილი თბილისის მერობის მხოლოდ ორი კანდიდატია. სავარაუდოდ, მალე გაირკვევა კიდე ვინ გაუწევს კონკურენციას კალაძესა და მელიას.

დღის ამბები