05 აგვისტო 2021,   20:26
ვრცლად
პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები - უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს

კიევში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სალომე ზურაბიშვილმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

"ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. პოლიტიკური დიალოგი კი ჩვენს დედაქალაქებს, კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით ურთიერთმხარდაჭერისა და ჩვენს შორის მაღალი ნდობის საფუძველზე. ასევე, სასიამოვნოა, აღვნიშნოთ ჩვენი პოზიციების მსგავსება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფო ფლოტებს შორის შავ ზღვაში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსა და უკრაინას აერთიანებს არა მხოლოდ საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები:

"ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ პრინციპზე: ხალხთაშორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე. დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ეს არის ჩვენი ქვეყნების და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშროლობის გაზრდა.  ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ ნათელია, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს. ამ რეგიონში და საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, პანდემიის მერე, ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა სტაბილიზაციის, დეესკალაციის და ბოლოს, დიალოგის," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები