05 აგვისტო 2021,   21:53
ვრცლად
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ გამორჩეულ კურსდამთავრებულს და ცნობილ ენათმეცნიერს  ემშვიდობება.

გუჩა კვარაცხელია იყო სამაგალითო ადამიანი. ფასდაუდებელია მისი მოღვაწეობა ქართულ მეცნიერებაში - მშობლიური ენის სწავლისა და სწავლების, ზოგადად თანამედროვე ქართული ენის განვითარების საქმეში. არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა მომავალი თაობისთვის.

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო  ქალბატონი გუჩას მოღვაწეობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ასევე, დასაფასებელია მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ბევრი სტუდენტი აგრძელებს მის გაკვალულ გზაზე წარმატებით სიარულს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო.

უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს," - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

დღის ამბები