05 აგვისტო 2021,   22:55
ვრცლად
თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაშია მოყვანილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, რეფორმები ეფექტური უნდა იყოს და მოსახლეობას არჩევნების მიმართ ნდობა გაუჩნდეს.

"ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გაუგზავნა კანონი. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ არის გარკვეული ძირითადი ასპექტები კანონპროექტში გასათვალისწინებელი. იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და გაითვალისწინებს რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმა ეფექტური იყოს და საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მიმართ მაღალი ნდობა გაუჩნდეს," - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა რეფორმების კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად უნდა მოხდეს, შესაბამისად ელჩი თვლის, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მაშინ კელი დეგნანის თქმით, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი:

"რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას, ეს დამოუკიდებელი შტოა, იმედი მაქვს, რომ სასამართლო სისტემა გაუმჯობესდება, დაახლოებით 25 წელია აშშ ამ სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება საქართველოს, პროცესი უნდა გაგრძელდეს და კარგი იქნებოდა ეს ინკლუზიური წესით მოხდეს და ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იყოს. ეს დამოკიდებულია პარლამენტზე და მმართველ გუნდზე, შეაჩერებენ თუ არ ამ პროცესს, ამით გამოჩნდება რამდენად ერთგული არიან 19 აპრილის შეთანხმების მიმართ. მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, ეს თუ ასე არ მოხდება, წამოჭრის სხვადასხვა საკითხებს, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მაშინ ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი, " – განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები