01 აგვისტო 2021,   17:24
ვრცლად
7 000-მდე ბავშვი, რომელმაც არ იცის, რა არის სკოლა და წერა-კითხვა - რას ამბობენ განათლების სამინისტროში განათლების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე

7000 ბავშვი, რომელსაც საგანმანათლებლო ისტორია არ გააჩნია - აქედან ნახევარზე მეტისთვის რა არის სკოლა, საერთოდ უცნობია, ნაწილს კი სასწავლო პროცესში წყვეტა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ჰქონდა. ეს არა მესამე სამყაროს რომელიმე ქვეყანაში, არამედ საქართველოში ხდება.

ხრილოკიშვილების ოჯახში ერთადერთმა მცირეწლოვანმა უკიდურესი გაჭირვების გამო სკოლის მიღმა რამდენიმე თვე დაჰყო - "კურიერმა" დღეს იპოვა 14 წლის მოზარდი, რომელმაც უკიდურესი გაჭირვების გამო სკოლა რამდენჯერმე მიატოვა, სწავლას ის მოგვიანებით მეზობლების ფინანსური დახმარებით დაუბრუნდა, თუმცა კოვიდპანდემიამ მეშვიდე კლასის მოსწავლე კვლავ განათლების გარეშე დატოვა. მოზარდს არ ჰქონდა არც ინტერნეტი, არც ტელეფონი და კომპიუტერი, რომ ონლაინგაკვეთილებს დასწრებოდა.

"კურიერის" მიმართვის შემდეგ განათლების უწყება ირწმუნება, რომ საგანმანათლებლო პროცესში ბავშვების დაბრუნებისთვის რადიკალურ რეფორმებს გაატარებენ. ერთი მხრივ ირწმუნებიან, მეორე მხრივ კი გვაქვს შემდეგი სურათი - უწყებამ 2020 წლამდე არც კი იცოდა, თუ რამდენი ბავშვია საქართველოში დარჩენილი სასკოლო განათლების გარეშე. 

კონკრეტულზე ვერ, თუმცა სასკოლო სივრცეში ბავშვების დაბრუნების გეგმის არსებობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობაც. "ქართული ოცნების" დეპუტატებისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიცია კი პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას განათლების უწყების ხელმძღვანელს აკისრებს. 

კითხვებზე პასუხებს და ამ მიმართულებით 2020 წელს შექმნილ "სახელმწიფო პროგრამის" აღსრულების პროცესის დაჩქარებას ითხოვს UNISEF-იც. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს.

ამ დროისთვის, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის შემუშავებული ალტერნატიული სასწავლო გეგმა 10 სკოლაში საპილოტედ მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე ბავშვების რიცხვი მსოფლიოში 61 მილიონს ითვლის.

დღის ამბები