05 აგვისტო 2021,   22:42
ვრცლად
აშშ 100-ზე მეტი ქვეყნიდან ძაღლების იმპორტს კრძალავს - მიზეზი ცოფის გახშირებული შემთხვევებია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC),  ცოფის გამო,  113 ქვეყნიდან ძაღლების იმპორტის ერთწლიანი აკრძალვა შემოიღო.

როგორც BBC წერს, აკრძალვა ვრცელდება ყველა ძაღლზე.

"ეს ქმედება აუცილებელია აშშ-ში იმპორტირებული ძაღლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად ცოფის ვირუსის სხვადასხვა ვარიანტისგან,"- ნათქვამია CDC-ის განცხადებაში.

იმპორტის შეჩერება ვრცელდება ფართო სპექტრის ქვეყნებზე, მათ შორის კენიაზე, ეგვიპტეზე, ბრაზილიასა და რუსეთზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, სადაც ძაღლებს რეგულარულად ცრიან, 2007 წელს, ცოფით დაავადება ფაქტობრივად აღმოიფხვრა. მაგრამ ეს დაავადება ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში და ყოველწლიური სტატისტიკით, 59 000 ადამიანს კლავს.

ცოფით დაავადება თითქმის ყოველთვის ფატალურად სრულდება მას შემდეგ, რაც ადამიანს სიმპტომები გამოუვლინდება.

ერთწლიანი აკრძალვა ძაღლების იმპორტის შესახებ, ძალაშია 14 ივლისიდან და საკითხი პერიოდულად განიხილება.

დღის ამბები