01 აგვისტო 2021,   17:41
ვრცლად
დირკ ბუშლე: თავისუფალი პროტესტის გამოხატვის წინაპირობა "რიონის მცველების მიერ" გზების გადაკეტვაზე უარის თქმაა

რიონის ხეობაში ბარიკადებს მოხსნიან - "ნამოხვანჰესის" საკითხზე ევროკავშირის ენერგო გაერთიანების ინიციატივით გამართული 9 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის პროექტის რისკების შეფასებაზე და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაზე.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს თქმით, თავისუფალი პროტესტის გამოხატვის წინაპირობა "რიონის მცველების მიერ" გზების გადაკეტვაზე უარის თქმაა.

როგორც დირკ ბუშლემ აღნიშნა, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა.

"დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. 

ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით "ნამახვანის" პროექტს. კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი, რომლის აღმოფხვრის გარეშეც, შესაძლოა დადგეს მნიშვნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე. ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. 

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხროდან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და თავისუფალი გადადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან ყოველგვარი გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა.

ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ხაზგასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებაც არის. ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზიარებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.


მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერსპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ,"- განაცხა დაევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

 

დღის ამბები