18 სექტემბერი 2021,   23:16
ვრცლად
უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაახლოოთ პოლიტიკური პარტიები - ლიეტუვის პრეზიდენტი პარლამენტში

ლიეტუვის პრეზიდენტი დღეს პარლამენტში მივიდა. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ ვილნიუსი საქართველოს გვერდში იდგება. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, რომ ითანამშრომლონ.

"მე მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხე, აქვთ თუ არა საერთო ხედვა?- მათ მიპასუხეს, რომ აქვთ. კერძოდ, საქართველოს NATO-სა და ევროკავშრიში გაწევრიანება. ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაახლოოთ პოლიტიკური პარტიები. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს იძულებით გადაადგილებული პირები ჰყავს, რომლებიც ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, ეს უნდა გამოსწორდეს," - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ოპოზიციის წევრები გიტანას ნაუსედას პარლამენტში შეხვდნენ, მათ ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განხრით.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ლიეტუვა ნატოს სამიტზე საქართველოს ხმა უნდა იყოს.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ლიეტუვა არის ჩვენი დიდი მეგობარი. ვთხოვეთ, რომ ჩვენი ხმა იყოს ლიეტუვა ნატოს სამიტზე,"- აღნიშნა ვაშაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ გიტანას ნაუსედა NATO-ს სამიტზე საქართველოს ხმა იქნება.

"მისი მოწოდებაა, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში პრობლემების გადასაწყვეტად. ნატოს სამიტზე ლიეტუვას პრეზიდენტი გააჟღერებს საქართველოს შესახებ ინფორმაციას. ვრცლად ვისაუბრეთ გამოწვევებზე, პრობლემებსა და ოკუპაციაზე,"- აღნიშნა სამხარაძემ.

დღის ამბები