14 ივნისი 2021,   09:15
ვრცლად
საქართველოს მეგობრები აშშ-დან, "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ

საქართველოს მეგობრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ და საკანონმდებლო პროცესში ჩაერთონ.

ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში კენ იალოვიცი და ბილ კორტნი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონსულტაციების საჭიროებას ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ ახლა დაგვიანების დრო არ არის და საქართველოს პარლამენტში შესვლა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ მალე უნდა გადაწყვიტოს.

დიპლომატების თქმით, პოლიტიკური არეულობა ქვეყნის შიგნით მხოლოდ აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ყურადღება ახლა ეთმობა მსოფლიოში ომის და მშვიდობის საკითხებს და ამერიკას ნამდვილად არ სჭირდება საქართველოში კიდევ ერთი კრიტიკული სიტუაცია" - ეს ჩვენთან ინტერვიუში თქვა შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კენ იალოვიცმა.

ამერიკელი დიპლომატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ კიდევ არ არის ზუსტი პასუხი იმაზე, თუ როდის შევა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, შევა მთლიანად პარტია თუ მის ლიდერებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. იალოვიცი პარტიას  ურჩევს პარლამენტში შევიდეს და ამბობს, რომ ახლა დაგვიანების დრო არ არის.

"შესაძლოა, კონსულტაციები საჭიროა, თუმცა ჩემთვის რთულია იმის გაგება, რომ ამას კვირები და თვეები სჭირდება. ევროკავშირმა გზა უჩვენა და ახლა ქართველებზეა დამოკიდებული, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, დაბრუნდნენ პარლამენტში, მოახდინონ ფოკუსირება ეკონომიკურ საკითხებზე, გაუმკლავდნენ კოვიდს. თქვენთან არიან რუსეთის ჯარები, არის სხვა სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად, არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები და სხვა უამრავი თემა, რისთვისაც საქართველოსთვის საჭიროა ფუნქციური პარლამენტი და ოპოზიცია. ახლა დაგვიანების დრო არ არის," - აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენ იალოვიცი.

კენ იალოვიცის თქმით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გავლენა არა პარლამენტის გარეთ, არამედ პროცესში ჩართულს ექნება და უნდა იმუშაოს იმ არაერთ საკითხზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე. პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ურჩევს ოპოზიციურ პარტიას საქართველოს კიდევ ერთი მეგობარი - ელჩი უილიამ კორტნი.

"მოუგვარებელი დავით, საქართველო რისკის ქვეშ აყენებს ევროკავშირთან დაახლოებას და შესაძლოა ერთ დღეს ევროკავშირის წევრობასაც. ვიმედოვნებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეძლებენ საერთო პოზიციაზე შეთანხმებას კონსულტაციების შემდეგ და შევლენ პარლამენტში. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ ვნახავთ იმედგაცრუებას ევროკავშირში, რომელმაც არსებითი მოვალეობა შეასრულა ამ შუამავლობით და პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართვით," - აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი.

დიპლომატების აზრით, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლისთვის სტაბილური პროცესები და ფუნქციური პარლამენტი აუცილებელია. კრიზისი და პოლიტიკური არეულობა, ქვეყნის შიგნით კი მხოლოდ აზიანებს ამ პროცესს.

დღის ამბები