14 ივნისი 2021,   10:39
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა და განხილვები პარლამენტში - რა ნაწილში არ ემთხვევა ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციები 

გაფართოებულ ფორმატში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები ერთი მაგიდის ირგვლივ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და საარჩევნო რეფორმის დეტალებზე საპარლამენტო კედლებში პირველად იმსჯელეს. ხედვების დაახლოებასთან ერთად, გამოიკვეთა ისეთი საკითხებიც, სადაც მათი პოზიციები ერთმანეთისგან ჯერ კიდევ დაშორებულია. ხელისუფლების ოპონენტებს სურთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაინიშნოს და ამით შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტიც შესრულდეს.

სახელისუფლებო პარტიის წევრები დღეს ამბობდნენ, რომ უფრო სამართლიანი იქნება, თუკი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ორი მოადგილე ეყოლება და ოპოზიციის წარმომადგენელს პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრი დააბალანსებს.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებების მიხედვით, უნდა შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, იგეგმება საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. რეფორმაზე მომუშავე პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანმა ცვლილებებმა არჩევნებს ნდობა უნდა დაუბრუნოს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "ევროპელმა სოციალისტებმა" იმ ინიციატივაზეც ისაუბრეს, რომლის თანახმად საოლქო კომისიებში წევრთა რაოდენობა 17-დან 21 წევრამდე უნდა გაიზარდოს, რათა მათ პარტიასაც ჰყავდეს წარმომადგენელი ცესკოში. ეს საკითხი კანონმდებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იყო.

რა ჩაიწერება საბოლოოდ კანონპროექტში, ხვალ უნდა გადაწყდეს, როცა პოლიტიკოსები საარჩევნო რეფორმაზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეთანხმებული დოკუმენტი ორშაბათს ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

 

 

დღის ამბები