14 ივნისი 2021,   10:48
ვრცლად
გახანგრძლივდება, თუ არა ვაქცინირებული პირებისთვის ღამის საათებში გადაადგილება - შესაბამისი სამსახურები საკითხებზე უკვე მსჯელობენ

მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა შემსუბუქდეს, ან სრულად მოიხსნას, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, განხილვის პროცესშია, თუმცა ცნობილია, რომ რეგულაციების შემსუბუქება მხოლოდ ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეეხებათ.

უნდა გახანგრძლივდეს თუ არა აცრილი პირებისთვის ღამის საათებში გადაადგილება, შესაბამისი სამსახურები ამ საკითხებზე უკვე მსჯელობენ და არ არის გამორიცხული, საზოგადოებას გადაწყვეტილება უკვე თვის ბოლოს გააცნონ.

მსჯელობის საგანია პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობაც, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში კაფე-ბარები და რესტორნები სტუმრებს შაბათ-კვირასაც მოემსახურონ.

შეზღუდვების შემსუბუქება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვაქცინირებული მოქალაქეების და აცრის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, სპეციალისტები ამას სწორ საინფორმაციო კამპანიას და მძიმე ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას უკავშირებენ.

იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის მსურველების რაოდენობის მატება სპეციალურ პორტალზეც აისახა - ბოლო ორი დღის განმავლობაში ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები აცრისთვის რეგისტრირდებიან, სრულყოფილად ვერ მუშაობს.

დღეის მონაცემებით, საქართველოში 82 000 მდე ვაქცინირებული მოქალაქეა.

მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც, Sinopharm-ის პრეპარატით დღეს ირაკლი კობახიძე საჯაროდ აიცრა. 

იმუნიზაციის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ახალი ვაქცინაციისთვის განკუთვნილი სივრცეების გამოყოფაც. 

დღის ამბები