15 ივნისი 2021,   04:23
ვრცლად
ჯილდო ამერიკის საელჩოს მრჩეველს - ვახტანგ გომელაურმა მაიკლ ტერნერი დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" - დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჯილდოების ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი  კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი რებეკა ჰანტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

"მაიკლ ტერნერს, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან არის მოვლენილი, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და კინოლოგიური სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

მაიკლ ტერნერმა ვახტანგ გომელაურს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროექტებს ახორციელებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები