13 ივნისი 2021,   03:59
ვრცლად
რატომ ვერ თანხმდებიან ისრაელელები და პალესტინელები - დაპირისპირების ისტორია

შუა აღმოსავლეთში მდგომარეობა სულ უფრო იძაბება - ისრაელი და ღაზას სექტორი ერთმანეთს სარაკეტო იერიშებით დაუპირისპირდა, რამაც ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვა გამოიწვია. 

მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა ბოლო თვეში მომატებულ დაძაბულობას, თუმცა ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება ათწლეულებია, გრძელდება.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები - BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

როგორ დაიწყო ყველაფერი

პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ტერიტორიაზე, რომელიც პალესტინად იყო ცნობილი, კონტროლი ბრიტანეთმა აიღო. აქ დასახლებულთა უმრავლესობას არაბები, უმცირესობას კი - ებრაელები წარმოადგენდნენ. 

ორ ხალხს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ დაავალა ბრიტანეთს, დაეარსებინა "ეროვნული სახლი" პალესტინაში ებრაელი ხალხისთვის. 

ებრაელები ტერიტორიას წინაპრების სამშბლოდ მიიჩნევდნენ, ისევე, როგორც პალესტინელები.

1920-დან 40-იანი წლების ჩათვლით, ტერიტორიაზე სულ უფრო მეტი ებრაელი ჩავიდა - მათი უმეტესობა, ჰოლოკოსტსა და მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილები, სამშობლოს ეძებდნენ. პარალელურად, იზრდებოდა არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირებაც. 

1947 წელს გაერომ კენჭისყრით გადაწყვიტა, რომ პალესტინა ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად უნდა გაყოფილიყო, საერთაშორისო დედაქალაქი კი იერუსალიმი უნდა გამხდარიყო. გეგმა მოიწონეს ებრაელმა ლიდერებმა, თუმცა არაბულმა მხარემ წინადადება უარყო. 

ისრაელის შექმნა და "კატასტროფა"

1948 წელს - მას შემდეგ, რაც პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, ბრიტანელმა მმართველებმა ტერიტორია დატოვეს და ებრაელმა ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ გამოაცხადეს. ბევრი პალესტინელი ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა, რასაც ომი მოჰყვა. სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთო მეზობლად მდებარე არაბული სახელმწიფოების ჯარებიც. 

სახლის დატოვება ასი ათასობით პალესტინელს მოუხდა, რასაც მათ "ალ ნაქბა", ანუ "კატასტროფა" უწოდეს. ცეცხლი მომდევნო წელს შეწყდა, ამ დროისთვის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე ისრაელი აკონტროლებდა. 

იორდანიამ დაიკავა მიწა, რომელიც ცნობილია "დასავლეთ სანაპიროს" სახელით, ეგვიპტემ კი ღაზას ოკუპაცია მოახდინა. 

იერუსალიმის დასავლეთ ნაწილი ისრაელის სამხედრო ძალებმა, აღმოსავლეთი კი - იორდანიის ჯარმა დაიკავა. 

იმის გამო, რომ მშვიდობის შეთანხმებას ვერასოდეს მიაღწიეს და ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში კიდევ არაერთი ომი მოხდა. 

რუკა დღეს

1967 წელს, მორიგი ომის დროს, ისრაელმა დაიკავა აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო, ასევე - სირიის გოლანის მაღლობების დიდი ნაწილი და ღაზა. 

პალესტინელი ლტოლვილების დიდი ნაწილი და მათი შთამომავლები, უმეტესად, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ, ასევე - მეზობელ იორდანიაში, სირიასა და ლიბანში. არც ლტოლვილებს და არც მათ შთამომავლებს ისრაელმა არ მისცა ნება, სახლში დაბრუნებულიყვნენ - ისრაელი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის. 

ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმი მთლიანად არის ქვეყნის დედაქალაქი, პალესტინელები კი აღმოსავლეთ იერუსალიმს პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ.

რა ხდება ახლა

ისრაელსა და იმ პალესტინელებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ, დაძაბულობა ხშირად მატულობს. ღაზას პალესტინური სამხედრო დაჯგუფება "ჰამასი" მართავს. ისრაელი მკაცრად აკონტროლებს ღაზას საზღვარს, რათა იარაღის შეტანა ვერ მოახერხონ. 

ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები ამბობენ, რომ ისრაელის მოქმედებისა და შეზღუდვების გამო ძალიან მძიმე პირობებში არიან, ისრაელი კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ პალესტინის თავდასხმებისგან თავს იცავს. 

მდგომარეობა, განსაკუთრებით, მუსულმანებისთვის წმინდა თვეს - რამადანისას, 2021 წლის აპრილში დაიძაბა, რასაც პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის შეტაკებები, მოგვიანებით კი ორმხრივი ავიაიერიშები მოჰყვა. 

რა არის მთავარი პრობლემები

არის ბევრი საკითხი, რომელზეც ისრაელელები და პალესტინელები ვერ თანხმდებიან. მათ შორის - პალესტინელი ლტოლვილების საკითხი, უნდა არსებობდეს თუ არა დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებები, უნდა იყოფდეს თუ არა ორივე მხარე იერუსალიმს და ყველაზე მწვავე საკითხი - უნდა შეიქმნას თუ არა ისრაელთან ერთად პალესტინის სახელმწიფო. 

სამშვიდობო მოლაპარაკებები 25 წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხერხდა. 

 

ავტორი : თინათინ კაკიაშვილი

დღის ამბები