15 ივნისი 2021,   04:44
ვრცლად
პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც საპატიმრო ახლახან დატოვა, აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" შიდა კონსულტაციებისა და სხვა ოპოზიციონერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. 

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. 

"პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, მათ წარმომადგენლებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, პარტიაში რომ კენჭისყრა ჩაატარო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება.

თუმცა, გარდა იმისა, რომ პარტიის წევრებთან ვაპირებ ამ საკითხების ძალიან დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით, ბუნებრივია, მეც მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება რიგ საკითხებთან  მიმართებაში, უბრალოდ, მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური,"- აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები