13 ივნისი 2021,   03:12
ვრცლად
წინდების ფერის გამო დაჯარიმებული მოქალაქე - ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციური დროშის ფერები აკრძალა

ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციური დროშის ფერების წინდებისთვის აჯარიმებს - მინსკის მოქალაქე ნატალია სივცოვა ავტომობილით გზაში ყოფნის დროს ძალოსნებმა დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალს განუცხადეს, რომ მას "არასწორად აცვია". მიზეზი - თეთრი წინდები წითელი ზოლებით. სივცოვა სოლიდური თანხით დააჯარიმეს.

ონლაინ მაღაზიამ კი, რომელიც მსგავსი ფერების (თეთრი წითელი ზოლებით) წინდებს ყიდდა, აღნიშნული ფერის წინდები გაყიდვიდან ამოიღო.

საქმე იმაშია, რომ წითელი-თეთრი ფერის დროშა ბელარუსში პროტესტის სიმბოლოდ იქცა და ამ ფერების კომბინაცია როგორც ჩანს, ტანსაცმელშიც ჩინოვნიკების გაღიზიანებას იწვევს.

აპრილის თვეში ბელარუსში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალით 300-ზე მეტი პირი დააკავეს, ხოლო 98-ზე მეტი პირი გაასამართლეს. კერძოდ კი, წითელ-თეთრი სიმბოლიკის გამოყენებისთვის.

თეთრი-წითელი-თეთრი დროშა - ბელარუსის ისტორიული ნაციონალური სიმბოლო, ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური დროშა  (1918-1919) და ასევე ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი 5 წლის განმავლობაში.

1995 წელს ინიცირებული და ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, აღნიშნული დროშის გამოყენება ქვეყანაში ფაქტობრივად აკრძალეს.

ოფიციალური დროშა საბჭოთა ბელარუსის დროშის მსგავსი გახდა, თუმცა ნამგალი და უროს გარეშე, ხოლო წითელი ფერი მწვანედ შეიცვალა.

წითელი-თეთრი ფერის დროშა ბელარუსში პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

დღის ამბები