13 ივნისი 2021,   04:04
ვრცლად
ფაქტობრივად, ოპოზიცია აღიარებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლებში ხულიგნობის იარაღად გამოყენებას აპირებს - გია ვოლსკი

პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების საფუძველს "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა კანონის ძველი ვერსიის ძალაში დატოვება არასწორად მიაჩნიათ.

"ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი საქმე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შექმნილია ისეთი სისტემა, რომ საკონსტიტუციო ორგანოები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტიც.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კანონი, რომელიც თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან და მეტიც - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო შესასრულებელი და ეს იყო ძირითადი საფუძველი ამ კანონპროექტის. ასევე, აუცილებელია ისეთი პრევენციული ხასიათის ზომების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვას," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის განცხადებით, ამ წინააღმდეგობით ოპოზიცია აღიარებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ხულიგნობის იარაღად გამოყენებას აპირებს. 

"ვეტო ლეგიტიმური, რა თქმა უნდა, იქნება, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. ფაქტობრივად, ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობა და ლანძღვა-გინების დამკვიდრებული კულტურა პოლიტიკურ ბრძოლაში არის ის, რასაც ისინი იარაღად გამოიყენებენ მომავალში,"-აცხადებს ვოლსკი. 

დღის ამბები