13 ივნისი 2021,   04:29
ვრცლად
ოპოზიციური სპექტრი პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია

გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვეტოს - ოპოზიციური სპექტრი პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია.

ზურაბიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე ხელმოწერისთვის ვადა კიდევ ერთი კვირა აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი  ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს ის შეშფოთება, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს.

საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მმართველი პარტიის ინიციატივით განხორციელდა, საპროტესტო მუხტის ჩაკვლის მცდელობად აფასებს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის წინადადება, რომელიც ვეტოს შემთხვევაში პრეზიდენტმა ალტერნატივად უნდა წარმოადგინოს.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვეტოსთან დაკავშირებით უარი არ ყოფილა. ამის მიზეზად კი სერგო ჩიხლაძე საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან მიღებულ მკვეთრ რეაქციას ასახელებს.

კანონში ცვლილებები გასულ კვირას 75 ხმით მიიღეს. ახალი ჩანაწერით ადმინისტრაციული დაკავების დროს სასამართლოს წინაშე წარდგენა არაუგვიანეს 24 საათში უნდა მოხდეს. ასევე წვრილმანი ხულიგნობის განმეორება 2000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიცია და პრეზიდენტთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს.

დღის ამბები