13 ივნისი 2021,   02:58
ვრცლად
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტი ოპოზიციისთვის მიუღებელია

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი მიუღებელია როგორც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე ენმ-სა და ევროპული საქართველოსთვის.

მათი შეფასებით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი წინადადებებით ხელისუფლება ცდილობს 20 ივნისის ღამით მაღალჩინოსნების მხრიდან ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაექცეს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ამნისტია უნდა ეხებოდეს მიმდინარე საქმეებს. სამნიძის თქმით, მიუღებელია ქმედება, როდესაც მმართველი პარტიის განხილვების გარეშე კანონპროექტში შეაქვს ისეთი ჩანაწერი, რომელიც ამდენ შეკითხვას იწვევს და ეწინააღმდეგება ხელმოწერილი დოკუმენტის სულისკვეთებას.

ამნისტიის კანონის "ქართული ოცნებისეული" ვარიანტი მიუღებელია იმ პარტიებისთვისაც, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ. ენმ-ს წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, მიუღებელია კანონი, რომელიც ტოლობის ნიშანს სვამს პოლიტპატიმარსა და მოძალადეს შორის. ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლება კანონებს წერს ნიკა მელიას წინააღმდეგ, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერში რეალურ მოწინააღმდეგეს ხედავს.

შეთანხმებაზე ამ პირობებით ხელმოწერას კვლავ შეცდომას უწოდებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ამ შეცდომით თავხედურად სარგებლობს და ამნისტიის კანონპროექტში გარკვეული პირობების ჩაწერით სრულად არღვევს შეთანხმების სულისკვეთებას.

სადავო კანონპროექტების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უქმე დღეების დასრულების შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები