15 ივნისი 2021,   03:59
ვრცლად
ქალი, რომელმაც ორ მამაკაცს დაქორწინებაზე უარი უთხრა, სასტიკად მოკლეს - პაკისტანში პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს

ლონდონელი ქალი პაკისტანში მოკლეს - პოლიცია საქმეში ეჭვმიტანილებს ეძებს. როგორც BBC წერს, 24 წლის მაირა ზულფიქარმა გარდაცვალებამდე პოლიცია გააფრთხილა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ორშაბათს იპოვეს. 

მკვლელობამდე 13 დღით ადრე ზულფიქარმა პოლიციას დაცვის თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა იარაღის მუქარით მისი გატაცება სცადა. 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მას დაქორწინებას ორი მამაკაცი სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. 

ზულფიქარმა პოლიციას 20 აპრილს მიმართა, მან დაასახელა კონკრეტული პიროვნება, ვინც მას იარაღით დაემუქრა, რამდენიმე დღით ადრე კი მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. ქალმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ თავდამსხმელისგან გაქცევა შეძლო, თუმცა მამაკაცი მას მოკვლით დაემუქრა. 

ორშაბათს დილით ქალი გარდაცვლილი იპოვეს, მას ორჯერ ჰქონდა ნასროლი, თუმცა, პოლიცია ვარაუდობს, რომ ის გაგუდეს. 

მაირა ზულფიქარი პაკისტანში ნათესავის ქორწილზე დასასწრებად 2 თვის წინ მშობლებთან ერთად ჩავიდა. ოჯახის წევრები მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ, ახალგაზრდა ქალმა კი გადაწყვიტა, პაკისტანში დარჩენილიყო. 

ზულფიქარი წარმოშობით ბელგიელი იყო, თუმცა ლონდონში ცხოვრობდა. 

დღის ამბები