13 ივნისი 2021,   03:41
ვრცლად
ამნისტიის კანონპროექტზე კონსულტაციები რუსთავის ციხეში დღესაც შედგა - ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვს

ამნისტიის კანონპროექტზე კონსულტაციები რუსთავის ციხეში დღესაც შედგა. ნიკა მელიასთან რამდენიმესაათიანი აუდიენციის შემდეგ მისმა თანამოაზრეებმა მედიას უთხრეს, რომ საკითხზე მელიას პოზიციები უცვლელია.

უცვლელია იმ პარტიის პოზიციაც, რომლის თავმჯდომარე ნიკა მელიაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილმა ხელი მიშელის შეთანხმებას მოაწერა და არა ნიკა მელიას ციხეში დატოვებას.

სადავო კანონპროექტების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უქმე დღეების დასრულების შემდეგ დაიწყება, მანამდე კი ოპოზიციას არ მოსწონს ჩანაწერი ”ქართული ოცნების” კანონპროექტში, რაც ამნისტიაზე ბრალდებულის მხრიდან უარის თქმის შესაძლებლობას გულისხმობს. ოპონენტები მზად არიან გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტის ამ ვერსიაზე უარი თქვას.

მხარეებს შორის პოზიციების დაახლოების მოლოდინი აქვთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც პარლამენტის საქმიანობაში უკვე აქტიურადაა ჩართული. ამნისტიის რომელ კანონპროექტს დაუჭერენ მხარს გირჩი და მოქალაქეები ჯერ უცნობია. ისინი გადაწყვეტილებას საკომიტეტო განხილვების შემდეგ მიიღებენ.

საკუთარ კანონპროექტში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი, სადაც ფიქრობენ, რომ ოპოზიციის დარწმუნებას შეძლებენ და საბოლოოდ, პარლამენტი ერთი, ამნისტიის შეჯერებული პროექტის განხილვას დაიწყებს. 

პარლამენტში უკვე დევს ამნისტიის 2 ერთმანეთისგან განსხვავებული კანონპროექტი. დროის სიმცირის გამო არ არის გამორიცხული კანონის მისაღებად რიგგარეშე სხდომების მოწვევაც გახდეს საჭირო.

დღის ამბები