05 აგვისტო 2021,   22:37
ვრცლად
რუსეთი წიწიბურას ექსპორტს კრძალავს - ექსპერტები რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს

რუსეთი სამი თვით წიწიბურის, მარცვლეულის და ბურღულეულის ექსპორტს კრძალავს. ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტილებას პროდუქტის მოცულობის და ფასის შენარჩუნების არგუმენტით ხსნის.

სიახლე საქართველოსთვის საინტერესო დღეს არსებული სტატისტიკიდან გამომდინარეა - ქვეყანაში წიწიბურის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის.

იქონიებს თუ არა ქართულ ბაზარზე გავლენას კრემლის სამთვიანი შეზღუდვა - სფეროს ექსპერტებმა ამის შესახებ "კურიერის" ეთერში ისუაბრეს.

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ბაზრის გადაწყობის თვალსაზრისით ეს შეიძლება უკეთესიც იყოს:

"არის ალტერნატიული ბაზრები, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიდან შეგვიძლია შემოტანა. რაც უფრო ბევრი ბაზრიდან შემოვა და უფრო დივერსიფიცირებულიც იქნება, თუნდაც წიწიბურას იმპორტი, მით უფრო კარგი იქნება," - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წიწიბურის მარაგები გარკვეულწილად არის და შესაძლოა ბაზრების გადაწყობაც ისე მოხდეს, რომ ამ პროდუქტზე დეფიციტი არ შეიქმნას. ჭარაია ბაზრის დივერისფიკაციის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

"კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ, უნდა გამოვიყენოთ, როდესაც გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ უნდა დავეყრდნოთ 100%-ით ამ ბაზარს," - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები