19 ივნისი 2021,   19:00
ვრცლად
გახარია გამოვიდეს და თქვას ამ კომისიაზე, მან გასცა ბრძანება თუ არა - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ 20 ივნისის მოვლენები გამოძიებული არ იქნება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ვერ შედგება.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ იმ საგამოძიებო კომისიას, რომლის შექმნაც "ლელომ" დააანონსა, შეუერთდებიან გიორგი გახარიას გუნდის წევრებიც. 

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შეგროვდეს 50 დეპუტატი. ამ 50 დეპუტატში, მაინც მგონია, რომ შემოუერთდებიან "ქართული ოცნებიდან" და, ძალიან საინტერესოა, შემოუერთდება თუ არა ამას ე.წ. გახარიას ფრაქცია. თუ მათ რეალურად უნდათ სიმართლის დადგენა და პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია აქვთ, მათ უნდა თქვან, რომ დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენც შემოუერთდებით და მოდით გამოვიძიოთ, მართლა გახარიამ გასცა ბრძანება, როგორ გადაამეტა, გადაამეტა თუ არაო. კონსულტაციები არ გვქონია, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ ყველას, დასამალი არაფერია.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოხდა 20-ში, რადგან ის დებატები, რომელიც ახლა გაიმართა, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა დამნაშავეების გარეცხვა და ამაში ვიღაც ხელს უწყობს, ამ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. ეს არის ძალიან ურცხვი და უნამუსო განცხადება, რადგან ამნისტიის შესახებ ჩანაწერი ჯერ კიდევ 31 მარტს არსებობდა დანიელსონის დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობდა - გირაო ან ამნისტია. გირაო იმიტომ, რომ ახლა გამოსულიყო მელია და ამნისტია. უბრალოდ, იმ მომენტში ლაპარაკი იყო 3 პოლიციელზე და 16 ბრალდებულზე, რომელიც იყო მანიფესტანტი. "ქართულმა ოცნებამ" როგორც კი ეს დოკუმენტი ხელში დაიჭირა, მათ თქვეს, რომ მოდი, ფართო ამნისტია გავაკეთოთ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით პრინციპულად, ამიტომ შემოვედით ინიციატივით, რომ ჩამკეტი გაკეთებულიყო ჯერ იმ სამ პოლიციელზე, რომ თუ ამნისტია მათ შეეხებათ დაზარალებული უნდა იყოს თანახმა და ესაა მიღებული პრაქტიკა და მეორე - შემოვედით წინადადებით, რომ გამოვიძიოთ, რადგან უნდა იცოდე, ვის რა უნდა ეპატიოს.

გახარია გამოვიდეს და თქვას ამ კომისიაზე, მან გასცა ბრძანება თუ არა, ხომ აქვს პრეტენზია პოლიტიკაში შემოსვლის? ბიძინა ივანიშვილმა გასცა? ვინ იყო ის ფორმალური თუ არაფორმალური დამკვეთი, ბავშვებს რომ თვალები დასთხარა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც ხომ უნდა ავკიდოთ ამ ადამიანებს, თუ ეს ასე არ მოხდა, არ იქნება ეს შერიგება და გადატვირთვა, არ იქნება იმ დოკუმენტის ეფექტი, რომლისთვისაც ჩვენ 6 თვე ბოიკოტში ვიყავით,"-განაცხადა ხაზარაძემ. 

დღის ამბები