19 ივნისი 2021,   20:16
ვრცლად
რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ახალი გაზსადენის მშენებლობას - აშშ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" შეჩერებას ცდილობს 

კონგრესის კატეგორიულ მოთხოვნას, გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მინიჭებული სანქციების უფლება და ყველა გზით შეაჩერებინოს მოსკოვს გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მშენებლობა, კრემლის პასუხი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეცადა იმის მტკიცებას, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" მხოლოდ ეკონომიკური პროექტია.

გაზსადენის მშენებლობის 95% უკვე დასრულებულია, რის გამოც კონგრესში მიიჩნევენ, რომ მის შესაჩერებლად სულ ცოტა დრო რჩება და ადმინისტრაციაზე ზეწოლას აგრძელებენ. სენატორმა რიშმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ბაიდენს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს "პუტინის გაზსადენი" უნდა ეხსენებინა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდეზმა, ჯინ შაჰინთან ერთად ჯერ კიდევ გასულ თვეს გაუგზავნა წერილი სახელმწიფო მდივან ბლინკენს და სრული დიპლომატიური ზეწოლისკენ მოუწოდა. სენატორმა მენენდეზმა და კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" თემა ვაშინგტონში გამართულ სედონას ფორუმზე კიდევ ერთხელ წამოწიეს.

გაზსადენის შეჩერების პარალელურად, კანონმდებლები რეგიონში მოსკოვის აგრესიის საპასუხოდ, უფრო მასშტაბურ მიდგომებს ემხრობიან. ისინი ხაზს უსვამენ ალიანსების მნიშვნელობას და როგორც ნატოელი მოკავშირეების, ასევე საქართველოს და უკრაინის გვერდით დგომის აუცილებლობას.

ექსპერტების აზრით, "ჩრდილოეთ ნაკადი 2", იმის გარდა, რომ გერმანიას უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე, ხელს შეუწყობს მოსკოვის აგრესიას უკრაინასა და ბელორუსში, რადგან ბუნებრივი აირის ამ ქვეყნებზე გამავალი ტრანზიტები შეჩერებული იქნება.

გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება ადმინისტრაციაც, თუმცა კონგრესისგან განსხვავებით, გერმანიასთან ფრთხილი მიდგომა აქვს. ბაიდენის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღის შეფასების დროს, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" ცუდი გარიგებაა და ამის შესახებ გერმანიის მთავრობას აუხსნეს. მისი თქმით, ვაშინგტონმა კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა, რომ ბერლინს აზრი შეეცვალა.

 

დღის ამბები