12 მაისი 2021,   11:04
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ტოქშოუები თანაბრად კრიტიკულია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ - მედიამონიტორინგის ანგარიში

ცნობილია მედიამონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მოამზადა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2" განეკუთვნება ერთ-ერთ გამონაკლის ტელევიზიას, რომელსაც საანგარიშო პერიოდში (თებერვალი-მარტი) ოპოზიციაც და ხელისუფლებაც სტუმრობდა, ტოქშოუების წამყვანები კი თანაბრად კრიტიკულები იყვნენ ორივე მხარის მიმართ.

"რუსთავი 2-ზე" ყოველ სამუშაო დღეს მონიტორინგდებოდა "დღის კურიერი", რომელიც 19:00 საათზე გადიოდა და "ღამის კურიერი", რომელიც კვირაში ორჯერ - სამშაბათს და პარასკევს 22:00 საათზე გადიოდა ეთერში.

ღამის კურიერი

"მიუხედავად იმისა, რომ ტოქშოუს ფორმატი მხარეთა შორის დისკუსიას გულისხმობს, გადაცემაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის პირისპირ არ სხდებოდნენ. შესაბამისად, გადაცემა მაყურებელს მხარეთა შორის დებატებს ვერ სთავაზობდა. თუმცა, ხშირად, ოპონენტის ფუნქციის შეთავსებას ჟურნალისტები ცდილობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაში ხშირად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გადაცემის ბოლო სტუმრებად გვევლინებოდნენ.

ტოქშოუს წამყვანები თითქმის ყოველთვის მომზადებულნი იყვნენ თემებზე სადისკუსიოდ და რესპონდენტებს კრიტიკულ შეკითხვებს უსვამდნენ. ხშირად იყენებდნენ ე.წ. ჩაკითხვის ტექნიკასაც. მაგალითად, 16 მარტს გადაცემაში სტუმრად ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ჟურნალისტები შეეცადნენ, რომ სტუმართან ერთად გაეანალიზებინათ პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. ერთ-ერთმა წამყვანმა დავით ზალკალიანს ჰკითხა, თუ რითი, რა შედეგით ბრუნდება საქართველო ბრიუსელიდან. მინისტრი კი შეეცადა, რომ პოლიტიკურ კრიზისზე დისკუსიიდან თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე გადაეტანა. მიუხედავად ამისა, წამყვანი შეეცადა, დასმულ კითხვაზე მიეღო მინისტრისგან ინფორმაცია და მას რამდენჯერმე მიმართა დამაზუსტებელი კითხვებით: „რა არის საქართველოს "საშინაო დავალება"? "რა უნდა გაკეთდეს კრიზისის დასაძლევად, რომ 2024-ში ევროპის კარზე მივაკაკუნოთ?", "რა პაკეტით ჩამოდის საქართველო კრიზის მოსაგვარებლად?".

ამგვარი საქმიანი სტილის კიდევ ერთი მაგალითია 9 მარტის გადაცემა, რომლის სტუმარი "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი იყო. კითხვის დასმის წინ, გადაცემის წამყვანმა თამარ ურუშაძემ რესპონდენტს ერთ-ერთი ევროპარლამენტარის კომენტარი წაუკითხა, სადაც იგი ნიკა მელიას დაკავებას არ ეთანხმებოდა და კრიზისის მოგვარებაში მთავრობას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებდა. ციტატის დასრულების შემდგომ, ჟურნალისტმა სტუმარს ჰკითხა, თუ რა გზავნილის შემცველი იყო აღნიშნული ციტატა "ქართული ოცნებისთვის“.  მიუხედავად იმისა, რომ სტუმარი შეეცადა, თავი აერიდებინა პასუხისთვის, წამყვანი მას ორჯერ ჩაეკითხა დამაზუსტებელი კითხვებით. მას შემდეგ, რაც მცდელობა უშედეგო გამოდგა, დისკუსიაში გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი, ირაკლი იმნაიშვილი ჩაერთო, რომელმაც "ქართული ოცნების" წევრს მიმართა: "ირაკლი საღამო მშვიდობისა, თქვენ არ გსურთ შეკითხვაზე პირდაპირი და ზუსტი პასუხის გაცემა? კიდევ ერთხელ გავიმეორებ ციტატას, თამარი გეკითხებათ, სწორედ ევროპარლამენტარის ციტატის შემდეგ, რას აპირებს "ქართული ოცნება". ციტატას სწრაფად გავიმეორებ: "მე არ ვეთანხმები ოპოზციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ დაძაბულობის განმუხტვაზე". რას აკეთებს „ქართული ოცნება", ან გააკეთებს მედიაციის დროს, რომ განიმუხტოს დაძაბულობა? მელიას საკითხის ჭრილით დავიწყოთ", - მხოლოდ ამის შემდეგ გასცა პასუხი ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების კითხვას.

მსგავსი მაგალითები ადასტურებს, რომ გადაცემის წამყვანები მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ მიეცათ რესპონდენტებისთვის კითხვებზე თავის არიდების და სპეკულირების საშუალება და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

საერთო ჯამში, გადაცემა იყო საინტერესო, ინტერაქციული, ჟურნალისტები არ აძლევდნენ რესპონდენტებს ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას და მაქსიმალურად ცდილობდნენ აუდიტორიისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.

დღის კურიერი

"დღის კურიერი" ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს ეხებოდა. გადაცემას ჰყავდა რამდენიმე წამყვანი, რომლებიც რიგრიგობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

გადაცემას სტუმრობდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

წამყვანები იყვნენ მომზადებულნი კრიტიკული კითხვების დასასმელად და სადისკუსიოდ. ინარჩუნებდნენ ნეიტრალურ ტონს და თანაბრად კრიტიკული იყვნენ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ.

"რუსთავი 2" განეკუთვნება ერთ-ერთ გამონაკლის ტელევიზიას, რომელსაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც სტუმრობდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს არ ედებატებოდნენ, გადაცემა მაყურებელს მხარეთა შორის დისკუსიას და დიალოგს ვერ სთავაზობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაში ტენდენციურად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბოლო სტუმრად იყვნენ წარმოდგენილნი და შესაძლებლობა ეძლეოდათ, შეეფასებინათ და გაეკრიტიკებინათ ყველა წინა გამომსვლელი. საერთო ჯამში, გადაცემა იყო საინტერესო და კრიტიკული, იშვიათი გამონაკლისების გარდა,"- ნათქვამია ანგარიშში.

დღის ამბები