08 მაისი 2021,   01:52
ვრცლად
"სამეფო კარის თამაშებს" "გირჩი" პარლამენტის დერეფნებიდან ​იწყებს​

ოქტომბრის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ "გირჩის" ლიდერებმა მეათე მოწვევის პარლამენტის კარი შეაღეს, თუმცა ჯერ სრულყოფილად არა. იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი საკანონმდებლო ორგანოს საშვთა ბიუროსთან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ალექსანდრე რაქვიაშვილიც, რომელიც დეპუტატი არ არის და რომლისთვისაც დროებითი საშვი "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დაუშვა. 

მას შემდეგ, რაც "გირჩის" ლიდერებმა პარლამენტის დერეფნები დაათვალიერეს, ტრიბუნასთან მივიდნენ და პირველი პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. თქვეს, რომ ბოიკოტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი 7- პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი მაინც არ შესრულდება ან პარტიებს შორის შეთანხმება არ გაფორმდება. "გირჩელებმა" ისიც განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ, პარლამენტი კი დღეიდან მათთვის კიდევ ერთ სამეფო ოფისად იქცა. "სამეფო კარის თამაშებს" ისინი საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებიდან იწყებენ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი დეპუტატი არ არის, "გირჩის" სიით პარლამენტში გენდერული კვოტირების გამო სალომე მუჯირი შევიდა. "გირჩში" ამბობენ, რომ პარლამენტში ფორმალურად შესვლის შემდეგ ყველა ქალი დეპუტატი მანდატზე უარს იტყვის, მისი ადგილმონაცვლე კი რაქვიაშვილი იქნება. 

"გირჩის" პოლიტიკური ნაბიჯები კომიკური და გაუგებარია მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის. "ქართული ოცნების" წევრებს დღეს ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრა არ ჰქონიათ, თუმცა ურჩიეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში სრულყოფილად ჩაერთონ.

"გირჩები" ჯერჯერობით დროებით საშვით გადაადგილდებიან, დეპუტატობის სრულყოფილ მანდატს მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.

დღის ამბები