23 აპრილი 2021,   14:57
ვრცლად
"მიმატოვეს, ძალიან მეშინია" - მიტოვებული 10 წლის ბავშვი ამერიკელმა მესაზღვრეებმა იპოვეს, ასეთი შემთხვევები კი დღეში ასობით ხდება

აშშ-ს სასაზღვრო დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც 10 წლის ბიჭი ოფიცრებს დახმარებას სთხოვს - CBSNews-ის ინფორმაციით, ბავშვი მიგრანტების ჯგუფთან ერთად აშშ-სკენ მიემართებოდა, თუმცა ის ტეხასში მიატოვეს. 

"ასეთი სცენები ძალიან ხშირია, კონტრაბანდისტები დაუსახლებელ ადგილებში ხშირად ტოვებენ ბავშვებს," - ამბობს სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენელი. 

მათი ინფორმაციით, ბავშვი ნიკარაგუელია. მან გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ სულ მარტო იყო დატოვებული. კადრებში ჩანს, რომ ბავშვი მესაზღვრე ოფიცერმა შეამჩნია და მანქანა გააჩერა. ბავშვმა მას დახმარება სთხოვა. "მიმატოვეს, ძალიან მეშინია" - ამბობს ბავშვი ვიდეოში. 

აგენტმა ბიჭი სასაზღვრო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მას მისცეს საკვები და ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა. ბავშვს ლტოლვილთა თავშესაფარში გადაიყვანენ და მასზე სახელმწიფო იზრუნებს. 

ოფიციალური ინფორმაციით, მარტში აშშ-ის სამხრეთ საზღვართან დაახლოებით 19 000 მიტოვებული ბავშვი აღმოაჩინეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, ასობით ასეთი ბავშვი სასაზღვრო პატრულის განყოფილებებში გადაჰყავთ. 

დღის ამბები