15 აპრილი 2021,   03:29
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი აღარ უნდა იყოს მომლაპარაკებელი, ვადამდელ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა - ოპოზიცია მოლაპარაკებებზე

მოლაპარაკება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის - ოპოზიცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის იმ განცხადებას პასუხობს, რომელშიც მამუკა მდინარაძე 2-3 დღეში, ოპონენტების კომპრომისულ ნაბიჯს აანონებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა კომპრომისზე ლაპარაკობს "ქართული ოცნება."

ოპოზიციონერმა ლიდერებმა დღეს კიდევ ერთი მოთხოვნა დააყენეს, პარტიებს არ სურთ, რომ "ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებების მთავარი სპიკერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს.

ამასთან, ოპოზიციის წევრები კვლავ აცხადებენ, ვადამდელ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.

"ეს არ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილი, თავად მოიფიქრონ ვინ იქნება მომლაპარაკებელი. რაც შეეხება თავად კომპრომისს, გუშინ რა განცხადებაც მოვისმინეთ ჩვენ ის, რომ პლებისციტი მათთვის მიუღებელია, კი ბატონო. პლებისციტი ჩვენგან შეთავაზებული იყო რამდნიმე თვის წინ ოპოზიციის მიერ, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი ვარიანტი, რომ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე. თუ არ სურთ პლებისციტი, მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე, რაც შეიძლება მალე და კიდევ ერთი, დღეს არ მგონია "ქართული ოცნება" იმ მდგომარეობაში იყოს, რომ ოპოზიციას რამე უკარნახოს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ეს კრიზისი შექმნა "ქართულმა ოცნებამ" და "ქართული ოცნება" უნდა მოვიდეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით. ეს რომ ასეა და მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას", ნათლად ჩანს, მათ შორის 6-პუნქტიან შეთანხმებაში, სადაც ყველაფერი, რაც გასაკეთებელია და რაც დადო მაგიდაზე მიშელმა, ამის გაკეთების უფლებამოსილება, ბერკეტები, ინსტიტუციური რესურსები გააჩნია "ქართულ ოცნებას".

ვადამდელ, სამართლიან, ახალი კანონმდებლობით და ახალი ცესკოთი ჩატარებულ არჩევნებს, არ აქვს ალტერნატივა, წერტილი," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, მოლაპარაკების პუნქტები განსაზღვრულია, ერთ-ერთი ვარიანტია ვადამდელი არჩევნები და ამაზე უნდა მოხდეს მოლაპარაკება. მისი თქმით, კომპრომისული შემოთავაზებებით მოლაპარაკებაზე "ქართული ოცნება" უნდა მივიდეს. ოპოზიციამ ყველა კომპრომისული შეთავაზება ამოწურა.

"ევროპული საქართველოს" წევრის ლაშა დამენიას განმარტებით, ხელისუფლება იძულებული გახდება დათანხმდეს ვადამდელი არჩევნებს.

დღის ამბები