19 აპრილი 2021,   01:06
ვრცლად
ნათია თურნავა ჰიდროელექტროსადგურების შესახებ სასაუბროდ მოსახლეობას ხვდება

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს შეხვედრა ცაგერში - რეგიონში პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩასული არიან ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. შეხვედრაზე ადგილობრივებს ჰქონდათ კითხვები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის როგორც ნამახვანი, ისე სხვა მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები.

მოსახლეობის ნაწილი, არგუმენტით, რომ ჰესი გარემოსთვის საფრთხის შემცველია, სამუშაოებს ეწინააღმდეგება. სწორედ ამ პოზიციის შესაცვლელად და განმარტებებისთვის, თუ რატომ უნდა აშენდეს ჰესები, რომელიც ქვეყანას იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის - მთავრობაში ამბობენ, რომ მზად არიან,  შეხვდნენ მოქალაქეების ყველა ჯგუფს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ტექნიკური პრობლემის გამო სამუშაო შეხვედრას ვერ დაესწრნენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე 132-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას კარვებთან აპროტესტებენ. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მათთან ჩასვლას და შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმებას აპირებენ.

"ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო, ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ ფართო ფორმატში დღეს შეხვედრა და კერძოდ, ის ადამიანები, ვინც ახლა კარვებში იმყოფებიან ე.წ. რიონის ხეობის მცველები ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას. ჩვენი დიდი სურვილია, რომ მათთან საუბარი გაიმართოს.

ვწუხვართ იმის გამო, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს აქ ჩამობრძანება და გვესმის მათი, ამიტომ ღია ფორმატი არის აუცილებელი. თქვენც ხედავთ, რომ ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და მედია სრულად დავასწარით შეხვედრას, მაგრამ მესმის, რომ დრო შეიძლება არ ეყოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგად აქ ჩამოსულიყვნენ. ამიტომ ახლა მე და ბატონი ლევანი ჩავალთ მათთან პირადად, ადგილზე, სადაც ისინი ამდენი დღეა თავის პროტესტს გამოხატავენ და შევთანხმდებით ალბათ, შემდეგი შეხვედრის ფორმატზე უფრო მომზადებულ ვითარებაში, როდესაც მათი მხრიდანაც ექსპერტები იქნებიან ჩასული და ჩვენც ჩვენს ექსპერტებს ჩავიყვანთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტში ხელისუფლების მაქსიმალური ჩართულობა იქნება.

"იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, ჩვენ გვექნება ჩვენი მაქსიმალური ჩართულობაც და საზოგადოების ჩართულობაც, ეს არის ის, რაზეც  მოსახლეობას დღეს ვესაუბრეთ და ამ საუბრებს გავაგრძელებთ მომავალშიც. მე ვფიქრობ, რომ ხალხმა მიიღო, რაც მათ აინტერესებდათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გეოლოგიურ და სხვა ტიპის გარემოზე ზემოქმედების კუთხით რისკებს ატარებდა პროექტი და ამაზე ისაუბრეს, მე ვფიქრობ, საქართველოში ყველაზე წამყვანმა ექსპერტებმა და ამავე დროს, მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრება," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები