19 აპრილი 2021,   00:34
ვრცლად
"შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს" - ოპოზიციამ მემორანდუმს მოაწერა ხელი

ოპოზიცია კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის - შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ისინი ფიქრობენ, რომ კონსტიტუცია ბევრად კარგი იყო წლების წინ, ვიდრე ის დღეს არის. დღესვე მოეწერა ხელი მემორანდუმს. 

"მთელი ძალაუფლება, რეალურად, ეკუთვნოდა ხალხს. სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვფიქრობ, სანამ არ დაუბრუნდებით ამ მოდელს, რეალურად პოლიტიკურ ელიტებს არ წავართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მართონ და მოირგონ კანონები, განსაკუთრებით - კონსტიტუცია თავის ინტერესებზე, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი გზით ვერ მოხერხდება. ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო გავერთიანდით, მისასალმებელია. ნაადრევია ჯერ ერთიან პლატფორმაზე საუბარი,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

"ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომელსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან. გვჭირდება მეტი თვითმმართველობა, მეტი ძალაუფლება გადაეცეს მოქალაქეებს. ჯერ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან მეტ სინერგიას ვხედავთ "სტრატეგია აღმაშენებელი" და ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზეც,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"ეს არის კონსტიტუციური მოწყობის, თვითმმართველობის განვითარების მიზნით პროცესის დაწყება ქვეყანაში და პრაქტიკულად, ის ნააზრევი, რაც ჩვენ 100 წლის წინ გვქონდა, დღემდე არ არის შესრულებული, რომ ჩვენი ქვეყანა იდგეს მყარად განვითარებულ თვითმმართველობაზე. ეს არის ერთად საქმის კეთების ინიციატივა, ჩემი ამოცანაა, ყველა მნიშვნელოვან ინიციატივაზე ვითანამშრომლო იმ პარტიებთან სადაც არის საერთო იდეები და მიზნები,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.

ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სამოქალაქო ორგანიზაციებიც.

დღის ამბები