18 აპრილი 2021,   23:50
ვრცლად
უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

"2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

მისივე თქმით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი "არგო" გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და 6 სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა.

"სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა,"-განაცხადა მინისტრმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები