19 აპრილი 2021,   01:41
ვრცლად
არასათანადო მოპყრობის ფაქტები თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში - ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირების პირობას დებს

სიცოცხლისთვის საშიშ რისკებს პაციენტები თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აწყდებიან. ბენეფიციარების უფლებების დარღვევის ინტენსივობაზე სახალხო დამცველის აპარატი საუბრობს. 37 გვერდიანი ანგარიში სპეციალურად შექმნილმა პრევენციულმა ჯგუფმა მოამზადა.

მონიტორინგით გაირკვა, რომ პაციენტები არ არიან დაცული ძალადობისგან და არასათანადო მოპყრობისგან, მათ არ მიეწოდებათ ფსიქოსოციალური სერვისები და პრობლემაა დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაც.

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ მდგომარეობას დეტალურად აღწერს. დოკუმენტის ავტორების მტკიცებით, დაწესებულების მონიტორინგი შესრულდა პაციენტების არაერთი შეტყობინების საფუძველზე, რომლებიც პერსონალის მხრიდან ბენეფიციარების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას აღწერს.

დაწესებულების პერსონალის მიერ ბენეფიციარებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს უარყოფენ, თუმცა რიგ პრობლემებს ადასტურებენ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. 

რაიმე ფორმით პაციენტებზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ დაწესებულებაში მომუშავე მედიკოსებიც. 

ცენტრში განხორციელებული ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში მკაცრი რეაგირების პირობას დებს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პრობლემებს აღიარებს. სამინისტროში ხარვეზების გამოსწორებისთვის დროს ითხოვენ და განმარატავენ, რომ მუშაობა ფრანგ კოლეგებთან ერთად ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სტრატეგიის განახლებაზე მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს სექტემბერში სტუმრობდა. ომბუდსმენი სპეციალური ანგარიშით 300-მდე ბენეფიციარზე ზრუნვას ითხოვს და დაწესებულების მენეჯმენტსა და ჯანდაცვის უწყებას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები