19 აპრილი 2021,   00:17
ვრცლად
რომელი კომპანიის შუამავლობით მოხვდნენ საქართველოს მოქალაქეები გემზე, რომელსაც 3 ათასი კგ ნარკოტიკი გადაჰქონდა - "კურიერმა" დეტალები გაარკვია

"კურიერმა" გაარკვია კომპანია, რომლის შუამავლობითაც საქართველოს მოქალაქეები პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მოხვდნენ.

შუამავალი ხათუნა ფუტკარაძე ამბობს, რომ მას ერთ-ერთი თურქული კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სურდა გემზე 4 პირი დაესაქმებინა. სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა ის ქართველებს და ეს სამსახური შესთავაზა.

როგორც ხათუნა ფუტკარაძე ამბობს, ის ქართველებთან მუდმივ კონტაქტზე იყო და იმის დამადასტურებელი მიმოწერაც აქვს, სადაც ქართველი მეზღვაურები მას წერენ, რომ კმაყოფილები არიან იქ ყოფნით. 

დაკავებულების ნათესავების განცხადებით, მათ ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ქართველები გემზე მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის იმყოფებოდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გემით 3000  კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ. 

"7 იანვრის შემდეგ გაწყდა მასთან კონტაქტი. შემოვიდა ზარი, ვიძირებით და მოგვეშველეთო. ეგ რომ ჩემს შვილს სცოდნოდა, შეიძლება საერთოდ ზღვაში გადამხტარიყო," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის მამა. 

3 ტონა კოკაინი ესპანელმა სამართალდამცავებმა ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში მცურავი გემიდან ამოიღეს. ეკიპაჟის 9 წევრიდან 4 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია "კურიერმა" გუშინ მოიპოვა.

დღის ამბები