23 აპრილი 2021,   14:40
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საბოლოო სიტყვები სასამართლოში - "კურიერმა" აუდიოჩანაწერები მოიპოვა

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის მოსამართლე სათათბიროდაა გასული. ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მთავარ კითხვაზე უნდა უპასუხოს, ჰქონდა თუ არა ადგილი მკვლელობას და ვისი ხელი ურევია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვაში. საბედისწერო ღამის განაჩენს გიორგი შაქარაშვილის ოჯახიც დაესწრება, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის გადის გონივრული ვადა, რომლის შემდეგაც მოსამართლე სტურუა გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.

მოსამართლემ უნდა თქვას მოკლა თუ არა ვახო ჩიქოვანმა, აკაკი ქვრივიშვილმა, ნიკა რევაზიშვილმა, არჩილ გაგნიძემ და არასრულწლოვანმა ზ.ხ. გიორგი შაქარაშვილი. მანამდე კი მან ბრალდებულების ბოლო რეპლიკები დახურულ კარს მიღმა მოისმინა. "კურიერმა" მოიპოვა ჩანაწერები, სადაც ბრალდებულები ცდილობენ, მოსამართლეს საკუთარი უდანაშაულობა დაუმტკიცონ.

განაჩენის მოლოდინში მყოფების რეპლიკები პროკურორმა მოსამართლისთვის თავის შეცოდების მცდელობად შეაფასა. თავად შაქარაშვილის ბიძის განცხადებით კი, რევაზიშვილის გარდა ყველა ბრალდებულმა სასამართლოს დაკითხვაზე უარი განაცხადა, რადგან მათ კრიტიკული კითხვების შეეშინდათ, მაგრამ ისარგებლეს რეპლიკით, რომლითაც საკუთარი სიცრუის გამყარებას მარტივად, შეკითხვების დასმის გარეშე შეძლებდნენ. ფეხბურთელის ოჯახი დარწმუნებულია , რომ ბრალდებულებს არ აქვთ არცერთი მტკიცებულება რომლითაც მათი არგუმენტები გამყარდება.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სულ 100 პირია დაკითხული, გამოკვლეულია ათობით მტკიცებულება, ჩატარებულია რამდენიმე ექსპერტიზა. საქმეში არ დევს არც ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის თვითმხილველია.

სამედიცინო ექსპერტიზა ამბობს, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის მოსპობამდე 16 დაზიანება ხელით, ფეხით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, სიკვდილის მიზეზი კი ასფიქსიაა. სათათბიროდ გასულმა მოსამართლემ გონივრულ ვადაში განაჩენი უნდა გამოაცხადოს და გადაწყვიტოს არიან თუ არა დაკავებული ნაძალადეველები, ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის მონაწილეები. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები