23 აპრილი 2021,   15:27
ვრცლად
კარგი იქნებოდა, ძალიან ძლიერი ინფორმაციული კამპანია სწორედ მედიკოსებს შორის - ზაზა წერეთელი ვაქცინაციაზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ძლიერი ინფორმაციული კამპანია ჩატარდეს თავად მედიკოსებისთვისაც, რადგან მათ შორის ბევრია სკეპტიკურად განწყობილი და ეს განწყობა ვრცელდება მოსახლეობაზეც.

როგორც ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, თუ ქვეყანას სურს რომ მოსახლეობის 60%  იყოს კორონავირუსზე აცრილი, ამისთვის საჭიროა ძლიერი სამუშაო ჩატარდეს და მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს

"პირველ ეტაპზე აცრები იწყება სამედიცინო პერსონალიდან, სხვათა შორის ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა და საქართველოშიც, მე ვიცი ძალიან ბევრი მედიკოსი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს აცრას. ამ მედიკოსს აქვს უამრავი კონტაქტი თავის პაციენტებთან და ეს სკეპტიციზმი შეიძლება მათაც გადასცეს. ამიტომ, კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში იქნებოდა ძალიან ძლიერი ინფორმაციული კამპანია სწორედ მედიკოსებს შორის, რომ ისინი შეემზადებინათ და მედიკოსებს მაქსიმალურად ჰქონოდათ სურვილი, რომ აცრილიყვნენ და თავისი მაგალითით ეჩვენებინათ პაციენტებისთვის და ზოგადად, საქართველოს მოსახლეობისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია აცრა და არანაირი ისეთი პრობლემა არაა, როგორც ამას ანტივაქსერები აცხადებენ.

კარგი იქნებოდა, თუ მოსახლეობას ექნებოდა ზუსტი ინფორმაცია, სად და როგორ ტარდება აცრები, როგორ იქნება მოსახლეობის გამოძახება, რეგისტრაცია. ანუ უფრო დეტალური და ღია ინფორმაცია იყოს მოსახლეობისთვის, რომ მათ დაინახონ, რომ ქვეყანა მზადაა ვაქცინაციის პროცესის ჩასატარებლად, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა აცხადებს, რომ უნდა დიდი მოცვა გააკეთოს დაახლოებით 60%-იანი და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ორჭოფობს და ვაქცინის მოწინააღმდეგეა, ძალიან ძლიერი სამუშაო უნდა ჩატარდეს, რომ ქვეყანამ 60%-იანი მოცვა მოახერხოს წლის ბოლოსთვის," - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

დღის ამბები