23 აპრილი 2021,   15:36
ვრცლად
ვიღებთ ჯანმოს ავტორიზებულ ვაქცინებს, ამ მაღალი თამასას ჩამოწევა მხოლოდ იმიტომ რომ სხვამ გაიკეთა, არ შეიძლება - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის აკაკი ზოიძის თქმით, პირველი ვაქცინის შემოსვლის ვადებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებს ხელისუფლება მასობრივი ვაქცინაციის ეტაპისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას გულისხმობს და  რაც აუცილებელია კორონავირუსის დასამარცხებლად და ეკონომიკის სრულფასოვანი გახსნისთვის.

აკაკი ზოიძის თქმით, აუცილებელია, რომ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს ხელისუფლება ამ მიმართულებით, გაცილებით საჯარო იყოს:

"მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობაა არის ერთი -  ჩვენი მოქალაქეების 50%- სთვის ვაქცინების დარეზერვება, ამის რეალისტური გზის დასახვა და ამის ჩვენება მოქალაქეებისთვის, მეორე - იმ ადამიანების დარწმუნება, რომლებიც არ არიან დარწმუნებული, რომ გაიკეთებენ ვაქცინას. მესამე - მომზადება მასობრივი ვაქცინაციისთვის, ეს ახლავე უნდა გაკეთდეს, შესაძლოა, ეს დაწყებულია, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს კეთდება. ადამიანებს იმედი სწორად უნდა ჩავუსახოთ, არა ცრუ იმედი, რომ პირველი ვაქცინაციის შემდეგ გავთავისუფლდებით კოვიდისგან, არამედ 1600000-ე ადამიანმა უნდა გაიკეთოს და მაშინ გავთავისუფლდებით. და ყველამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ამ 1600000-ე ადამიანისთვის ვაქცინის გაკეთება უნდა იყოს სანუკვარი მიზანი და ამოცანა, ხელისუფლების მთელი ვერტიკალისთვის, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისთვის, მასმედიისთვის და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, იმიტომ რომ, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის განცხადებით,  ქვეყანამ ვაქცინებთან დაკავშირებით, თავიდანვე მაღალი თამასა დააყენა, რომლის ჩამოწევაც მას სწორად არ მიაჩნია. მისი თქმით, საქართველოს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული ვაქცინები შემოიტანოს და თუ ჩინური ვაქცინა მიიღებს ამ ავტორიზაციას, ის პრობლემას ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც შემოვიდეს:

"ჩვენ დავაყენეთ თავიდანვე მაღალი თამასა, რომლის ჩამოწევაც არ მიმაჩნია სწორად. ეს მაღალი თამასა არის ის, რომ ვიღებთ იმ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან სანდო მარეგულირებლების მიერ. თამასის ქვემოთ ჩამოწევა მარტო იმიტომ, რომ სხვამ გააკეთა ასე, არ შეიძლება. მთავარი არაა ვაქცინაცია ვაქცინაციისთვის და პირველი გაკეთებისთვის, მთავარი არის, რომ გავუკეთოთ მაღალი სტანდარტის ვაქცინა და დავარწმუნოთ ადამიანები, ისედაც უზარმაზარი სკეპტიციზმია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ჩინური ვაქცინა, რომელიც არ იყო იმ დროისთვის ავტორიზირებული, ან რუსული ვაქცინა, რომელიც საერთოდ პოლიტიკურად მიუღებელია ჩემი აზრით, რომ მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე ვაწარმოოთ, რაც არ უნდა ეფექტიანი აღმოჩნდეს. ეს არის პრობლემა, თორემ რამდენიმე ჩინურ ვაქცინას აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომ მიიღოს ჯანმოს ავტორიზაცია და როცა მიიღებს, ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს, რომ შემოვიდეს, მათ შორის, ჩინური იქნება თუ ინდური, მთავარია, ჰქონდეს ხარისხი, ანუ ავტორიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, თორემ წარმოშობის, ანუ მანუფაქტურის, სადაა განლაგებული ქარხანა, რომელ ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა,"- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

დღის ამბები