23 აპრილი 2021,   15:23
ვრცლად
"რაც წელს მოხდა, საკმარისი მიზეზია, რომ პრემიერი წავიდეს" - ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გადადგეს ნიკოლ ფაშინიანი - ამ მოთხოვნით უკვე ორი საათია ერევანში აქცია მიმდინარეობს.

მარშალ ბაგრამიანის მოედანზე, იქ, სადაც უკვე რამდენიმე დღეა კარვებია გაშლილი, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები პოლიტიკურ განცხადებებს ისმენენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფებიან სნაიპერები, რომლებიც ეროვნული ასამბლეის ფანჯრებში გამოჩნდნენ, რამაც მეტი პროტესტი გამოიწვია აქციის მონაწილეებში.

ოპოზიციის წევრები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს.

მათი განცხადებით, თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას, ამ შემთხვევაში პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, გზავნის თუ არა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლოში. ყველაფერი რაც წელს მოხდა, საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ პრემიერი წავიდეს, თუ ის არ მიდის, ჩვენ უნდა ვაიძულოთ," - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვაზგენ მანუკიანმა

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები