23 აპრილი 2021,   16:00
ვრცლად
გაზრდილი ინფლაცია და პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა - საქსტატის მონაცემებით წლიური ინფლაციის დონე 3.6%-ია

ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14%-ით, თევზეული 10.6%-ით, პური და პურპროდუქტები 8.7%-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა.

ინფლაციის ზრდა აიხსნება იმით, რომ გაძვირდა თითქმის ყველა პროდუქტი და სერვისი, რაც საზოგადოების მთავარ საჭიროებად მიიჩნევა. ეს, პირველ რიგში, ეხება სურსათს და ჯანდაცვას. საქსტატის მონაცემებით კლება მხოლოდ მთავრობის მიერ სუბსიდირებულ კომუნალურ ხარჯებსა და რამდენიმე დასახელების ხილსა და ბოსტნეულს შეეხო.

სტატისტიკის მონაცემების სიზუსტეში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა პანდემიით განპირობებული არასტანდარტული ვითარების გათვალისწინებით, სურათს განსხვავებულად ხედავენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტები. ეს სურათი გაცილებით დრამატულია.

ფასებისა და ინფლაციის ზრდის ძირითად ფაქტორებად პანდემიის გამო ეკონომიკის ჩაკეტვა, უცხოური ვალუტის შემოდინების კლება და საერთაშორისო ბაზრებზე რიგი პროდუქტების გაძვირება სახელდება, რომელთა იმპორტს საქართველო ახორციელებს. მათ შორის არის საწვავიც.

პანდემიის და გლობალური გამოწვევების, ასევე, ეკონომიკის შიდა პრობლემების გათვალისწინებით, სპეციალისტებს ახლო მომავალში პოზიტიური ცვლილებების და ფასების მნიშვნელოვნად კლების მოლოდინი არ აქვთ. ინფლაციასა და ფასებთან დაკავშირებით ახალ მაჩვენებლებს საქსტატი მარტის ბოლოს წარმოადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები