17 აპრილი 2021,   09:58
ვრცლად
რა პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ბოლო 1 წელში - ექსპერტების შეფასებები და მოლოდინები ინფლაციის ზრდაზე

ზეთი, პური და შაქარი - ეს პროდუქტები იმ ჩამონათვალშია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა. ინფორმაციას ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა.

"წლიური ინფლაციის ფორმირებაზე, ძირითადად, გავლენა მოახდინა ფასების ცვალებადობამ ორ სასაქონლო ჯგუფში, ეს გახლავთ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რომელშიც ფასები 6.2%-ით გაიზარდა და ჯანდაცვის ჯგუფი, სადაც 9-10%-ით გაიზარდა ფასები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდა ზეთზე, დაახლოებით, 60%-იანი მატება დაფიქსირდა, ასევე, შაქარზე, ჯემზე, ტკბილეულზე, დაახლოებით, 14%-ით, თევზეულზე 10%-ით, ამასთან, პურსა და პურის პროდუქტებზე 8-9%-ით. რაც შეეხება ჯანდაცვის ჯგუფს, ფასები 9%-ითაა გაზრდილი ფარმაცევტულ პროდუქციაზე და ამბულატორიულ მომსახურებაზე 10-11%-ით არის გაზრდილი,"- აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სურათი გაცილებით დრამატულია, ვიდრე ეს საქსტატის მონაცემებშია ასახული.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასები 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაძვირებული, ვიდრე ამას ინფლაციის მაჩვენებელი გვეუბნება.

"არასტანდარტულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სასტუმროს დაქირავება, კაფეში სიარული და ა.შ. ფიზიკურად ხელმიუწვდომელია, შესაბამისად, იქ ფასების შემცირება არანაირ გავლენას არ ახდენს საზოგადოებაზე, ხოლო ის პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია, სურსათი, მედიკამენტები და ა.შ. გაძვირებულია, მაგრამ ბალანსდება სხვა მიმართულებებში ფასების კლების ხარჯზე. რეალობა არის ის, რომ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასები 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაძვირებული, ვიდრე ამას ინფლაციის მაჩვენებელი გვეუბნება,"-აცხადებს ვახტანგ ჭარაია. 

”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ინფლაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ელოდება. 

"რომ არა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ალბათ, ფასების ზრდა უფრო დრამატული იქნებოდა, მაგრამ როდესაც დასრულდება ეს სუბსიდირება, ინფლაციის მაჩვენებელი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ინფლაცია, ცხადია, გამოწვეულია ლარის გაუფასურებით და ეკონომიკური პრობლემებით, რაც დღეს გვაქვს, ზოგადად, პანდემიით. ტურიზმი ფაქტობრივად, ჩაგვივარდა გასულ წელს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სავალუტო შემოდინებები,"-აცხადებს ექსპერტი. 

დღის ამბები