17 აპრილი 2021,   10:14
ვრცლად
"მოლოდინი არის მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის საქალაქო სასამართლოში პროცესი დასრულდა. სასამართლო სხდომაზე რეპლიკის უფლებით ისარგებლა 5-ვე ბრალდებულმა, განცხადებები საკმაოდ ემოციური იყო. ბრალდებულების ადვოკატები ელოდებიან, რომ დაკავებულებთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენი დადგება. 

"დღეს იყო ემოციურად და სამართლებრივად ძალიან დატვირთული პროცესი. დღევანდელ პროცესზე რაც გაჟღერდა და რაც მანამდე გაჟღერდა, მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი,“ - ამბობს ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი. 

განცხადება გააკეთა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა

"არასრულწლოვანმა მიმართა სასამართლოს, ისარგებლა მან საბოლოო სიტყვის უფლებით და განაცხადა, რომ თვალით არ უნახავს გარდაცვლილი შაქარაშვილი, არანაირი შემხებლობა არ ქონია მასთან და ზედმეტია საუბარი რომ მან რაიმე სახის დაზიანებები მიაყენა და შემდეგ წყალში ჩააგდო. ეს ყველაფერი არის აბსურდი და აქედან გამომდინარე, მანაც სასამართლოს გამოუთქვა იმედი, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გამამართლებელი განაჩენი,“ - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გამამართლებელ განაჩენს ელოდება არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილიც

"მოლოდინი გვაქვს, რომ ამ საქმეზე, თუ სასამართლო სამართლებრივად იაზროვნებს და ამის დიდი იმედი გვაქვს, უალტერნატივოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი,“ - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.

პროკურორი, დავით ყაზარაშვილი კი ბრალდებულების ემოციურ რეპლიკებს სასამართლოსთვის თავის შეცოდების მცდელობად შეაფასა. 

"საბოლოო სიტყვები თქვეს ბრალდებულებმა, თუმცა ეს იყო უფრო სასამართლოსთვის თავის შეცოდების მცდელობა და არა იმ ფაქტების ახსნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ეს დნმ-ის კვალი ყოფილიყო რომელიმე ბრალდებულის. ასევე, ექსპერტმა ისაუბრა იმ გარემოებებზეც, რომ იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა შეხება უშუალო ბრალდებულების მხრიდან ამ ჩანთაზე, შესაძლებელია ჯერ ერთი არ დარჩენილიყო კვალი და ასევე წაშლილიყო. ეს არ ნიშნავს რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთასთან ბრალდებულებს შეხება არ ჰქონიათ,“ - ამბობს პროკურორი, დავით ყაზარაშვილი.

მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბოლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ბიძინა სტურუა სათათბიროდ გავიდა, რის შემდეგაც უკვე განაჩენი გახდება ცნობილი. უცნობია, როდის გამოაცხადებს ის გადაწყვეტილებას. 

დღის ამბები