17 აპრილი 2021,   09:40
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი - რა შეძლო შარლ მიშელმა ერთდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებებით

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეხვედრისა და დიალოგისკენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პრემიერთან დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში აქტიურად ერთვება. "კურიერის" დასმულ კითხვაზე - სად ხედავს ევროპელი სტუმარი გამოსავალს, შარლ მიშელი პასუხობს, რომ არსებული ვითარების განმუხტვაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპოზიციას და ხელისუფლებას თანაბრად ეკისრება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი დეესკალაციაზე აკეთებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს დღეს 2-ჯერ შეხვდა. ჯერ კიდევ დილით, მხარეებს შორის პროტოკოლით დაუგეგმავი შეხვედრა გაიმართა, ამის შემდეგ კი დღის ბოლოს, ერთობლივი პრესკონფერენცია. სწორედ ბრიფინგზე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელი სტუმრის მოწოდებას და დაადასტურა, რომ მზად არის ოპოზიციასთან დიალოგში თავადაც ჩაერთოს.

მთავრობის კანცელარიაში პრემიერის და შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებებს, წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ოპოზიციური ძალების ლიდერების შეხვედრა უსწრებდა. ამ შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ევროკავშირი კრიზისის დაძლევაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს და მათივე განცხადებით, დიალოგის პროცესში საქართველოს პარტნიორები ფასილიტაციასთან ერთად მედიატორის ფუნქციასაც შეითავსებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა კომპრომისის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, ოპოზიციის ერთადერთი კომპრომისი, ამ ეტაპზე, შესაძლოა ვადამდელი და შუალედური არჩევნების მოთხოვნის ნაცვლად პლებისციტმა ჩაანაცვლოს.

შექმნილი პოლიტიკური ვითარების განეიტრალების და დიალოგის აუცილებლობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირველივე ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე პროტოკოლით გათვალისწინებული იყო. პირისპირ საუბარი 35 წუთით გვიან დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება, შარლ მიშელი თბილისში მოლდოვიდან ჩამოვიდა. საქართველოს შემდეგ კი ის, უკრაინას ეწვევა.

დღის ამბები