19 აპრილი 2021,   19:45
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა 5-ვე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი - პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები უკვე დასკვნით ეტაპზეა. სავარაუდოდ, მოსამართლე დანაშაულზე განაჩენს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

საქმის პროკურორის განცხადებით, უკვე ადვოკატებმაც კარგად იციან, რომ 5-ვე პირმა ( ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ, და ა.ქ.) მოკლა გიორგი შაქარაშვილი. ასევე, პროკურორი განმარტავს, რომ ჩვენების მიცემა მხოლოდ ნიკოლოზ რევაზიშვილმა გაბედა. თუმცა, მისივე თქმით, ნიკოლოზ რევაზიშვილის გამბედაობის მიუხედავად, ის ტყუილებში გამოიჭირა, მათ შორის, როდესაც ის ამბობდა, რომ მცხეთაში ავტომობილების ჩამოსაყვანად წავიდა. 

"წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა 5-ვე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი. ამაში ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება, ჩემი აზრით. არჩილ გაგნიძე და ნიკა რევაზიშვილი ამ ხნის მანძილზე აპელირებდნენ, რომ თითქოს Google Maps-ში დამახსოვრებული იყო მათი გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მომხდარის დროს არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ჩართული ინტერნეტი. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, სწორედ ამით იყო გამოწვეული ის, რომ მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც ნიკა რევაზიშვილის შემთხვევაში ისინი აირეოდნენ თავის ტყუილებში და ვერ მიიტანდნენ სასამართლომდე თავის სათქმელს. ამიტომ, მათ ურჩევნიათ ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როდესაც კითხვა არ დაისმევა, რადგან ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ. თუმცა, მათი ყველა ტყუილი გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს ამ ზღაპრებს," - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. 

პროკურორის რევაზიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებას ადვოკატი პასუხობს:

"დაისვა კითხვები, როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდებულის მხრიდან. ნიკოლოზ რევაზიშვილმა ყველა კითხვაზე დამაჯერებელი პასუხები გასცა. მისი ჩვენება დასტურდება საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნითა და ვასილ მახარაძის ჩვენებით. ამით, ასევე, დასტურდება, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი წარდგენილ ბრალდებაში არის სრულიად უდანაშაულო. პროკურორი იტყუება, თავად პროკურორის მიერ წარმოდგენილი მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინტერნეტ-ტრაფიკის მონაცემებით დასტურდება, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს კუთვნილ მობილურზე გააქტიურებული ჰქონდა ინტერნეტი," - აცხადებს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე.

დღეს პროცესზე მხარეებს აქვთ შესაძლებლობა წარმოთქვან საბოლოო სიტყვა. წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ და ამჯერად საბოლოოდ დააფიქსირებენ დაკავებულებიც.

სასამართლოს განაჩენს კი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირი საპატიმროში დაელოდება. ბრალი 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები