19 აპრილი 2021,   19:34
ვრცლად
მოსკოვს სურს თავიდან მოიშოროს ფაშინიანი, თავის დროზეც რუსეთს არ მოეწონა, რომ ხელისუფლება ხალხმა აირჩია - სომეხი პოლიტოლოგი

სომხეთში უკვე რამდენიმე დღეა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მეზობელ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე შეფასებები კეთდება სომხურ საექსპერტო წრეებშიც. "სომხეთის გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის" თავმჯდომარე სტეფან გრიგორიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რუსულ კვალს ხედავს.

"ახლა სომხეთში ღრმა კრიზისია, სამხედრო გადატრიალების ალბათობა კვლავ რჩება, თუმცა მთავარი საშიშროება ორი დღის წინ იყო და ის თითქოს ჩავიარეთ. ფაქტია, რომ სამხედროებმა ვერ გაბედეს გამწვავებაზე წასვლა.

ვფიქრობ ახლა მნიშვნელოვანია ჩატარდეს ახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო თვეებში ისევ აქციები და კრიზისი გველის. ფაშინიანის შანსები ყარაბაღის მარცხის მიუხედავად მაღალი რჩება. რთულია იმის თქმა, პირდაპირი გზით თუ ჩაერია მოსკოვი ამ პროცესებში, თუმცა ირიბად, რა თქმა უნდა.

იცით რომ ფაშინიანმა რუსული იარაღის ხარისხი გააკრიტიკა, რაც მოსკოვში მგრძნობიარედ აღიქვეს და შემდეგ ამან მისცა ინსპირაცია გენერალიტეტს, მით უმეტეს, რომ ისინი რუსეთზე ორიენტირებულები არიან და სამხედრო აკადემიაც ბევრმა სწორედ იქ დაამთავრა.

თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციით სამხედროებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ შიდა პოლიტიკაში. იმედია, მათ კეთილგონიერება ეყოფათ შემდგომ ნაბიჯებში. ერთი ცხადია, ახლა მოსკოვს სურს თავიდან მოიშოროს ფაშინიანი, თავის დროზეც რუსეთს არ მოეწონა, რომ ხელისუფლება ხალხმა აირჩია, მას ჩვენ ქვეყნებში მარიონეტული ხელისუფლებები ურჩევნია," - განაცხადა სტეფან გრიგორიანმა.

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნიკოლ ფაშინიანი არ დაეთანხმა მაღალი რანგის ოფიცრების მოთხოვნას გადადგომასთან დაკავშირებით და სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მის მიერ გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მოითხოვა. თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ხიჩატრიანმა ნიკოლ ფაშინიანი რუსული სარაკეტო კომპლექსის "ისკანდერის" არაეფექტურობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის მიერ ხაჩატრიანის გათავისუფლებას უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, მათი შეფასებით ფაშინიანსა და მის მთავრობას აღარ შეუძლიათ ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება და უნდა გადადგეს. გენშტაბს მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციამაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები