02 მარტი 2021,   21:25
ვრცლად
პოლიტიკურ პროცესში პასუხისმგებლობის კუთხით არ არსებობს გამიჯვნა მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის - ვიქტორ ყიფიანი

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას და ოპოზიციას თანაბრად ეკისრება. 

მისი შეფასებით, მხარეებმა ის რეპუტაცია, რაც წლების განმავლობაში დააგროვა საქართველომ დასავლეთის თვალში, თუნდაც მწვავე პოლიტიკურ კრიზისს არ უნდა გადააყოლონ. 

"უნდა გავიხსენოთ, რა გვაკავშირებს ჩვენ ევროპასთან, აშშ-სთან. მათთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგძლივი გზა  პოლიტიკური ინტეგრირებისა, დაწყებული ედუარდ შევარდნაძის დროიდან, დასრულებული დღევანდელი დღით. ვფიქრობ, რომ იმ ნაპრალმა, რომელიც შეიქმნა ამ პოლიტიკური კრიზისის შედეგად, არავითარ შემთხვევაში, ეს განვლილი გზა, ეს დაგროვილი რეპუტაციული კაპიტალი არ უნდა შეიწიროს, თუნდაც ძალიან მწვავე, ამწამიერ პოლიტიკურ კრიზისს არ უნდა გადააყოლოს.

პოლიტიკურ პროცესში პასუხისმგებლობის კუთხით არ არსებობს გამიჯვნა მმართველ პარტიას ადა ოპოზიციას შორის, შენ რადგან ხარ პოლიტიკური პროცესის მონაწილე, თანაბრად პასუხისმგებელი ხარ ქვეყნის საშინაო და საგარეო განვითარებაზე.

რაც შეეხება საგარეო შეფასებას, მე აბსოლუტურად მესმის და მინდა გავიზიარო სიმწვავე ჩვენი პარტნიორების შეფასებისა, თუმცა, მინდა მხოლოდ შეკითხვის სახით დავსვა: იმ შეფასებებში, რაც ქვეყნის მხრიდან განვლილი გზის თვალსაზრისით გვესმოდა ჩვენ, იმ მხარდამჭერ შეფასებებში, იმ არაერთ განცხადებაში, პოლიტიკურში თუ საკანონმდებლო ინიციატივაში, თუნდაც იმაში, რომ აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ, ეს ხომ თავისთავად არ ხდება, ეს ხომ გარკვეული მოვლენათა შედეგია.

როდესაც ადამ კიზინგერმა და მისმა კოლეგებმა მოახდინეს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, ამას ხომ გარკვეული პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური კონტექსტი ჰქონდა. შესაძლებელია თუ არა ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში 24 საათის განმავლობაში მოხდეს ისეთი რადიკალური ცვლილება, ვიმეორებ, ჩვენ არ ვსაუბრობთ სასამართლო რეფორმაზე ან რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, ჩვენ ვსაუბრობთ გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე. ეს არის ჩემი კითხვა ბატონ კიზინგერს და სხვებს, ბოლოო 24 საათის განმავლობაში რაღაც მოხდა ისეთი დრამატული და კარდინალური, რამაც შეიძლება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი საგარეო ვექტორი, ან მოხდა რამე ისეთი ჩვენი საგარეო პარტნიორების მხრიდან, რამაც შეიძლება წყალს გაატანოს ის შეფასებები, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა?!,"-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დღის ამბები