02 მარტი 2021,   20:24
ვრცლად
არ იყო სასიამოვნო განცხადებები, თუმცა მათ შინაარსთან დათანხმება ნამდვილად გაგვიჭირდება - სოზარ სუბარი საერთაშორისო გზავნილებზე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, სადაც ნიკა მელიას დაპატიმრებას და ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს აპროტესტებენ, "ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა.

სოზარ სუბარის თქმით, თუ აქციები თბილისის 20 ივნისის ან აშშ-ის 6 სექტემბრის სცენარით განვითარდება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო კანონის შესაბამისად გასცემს პასუხს:

"შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პოლიტიკური პარტიისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური ტრიბუნა არის პარლამენტი და იმ მანდატის გამოყენება, რომელიც მათ მისცა ქართველმა ხალხმა და ამ მანდატზე უარის თქმა არ ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, თუმცა ბუნებრივია, არჩევანის უფლება მათ ამ შემთხვევაში აქვთ. რაც შეეხება აქციებს, ამის უფლება მათ აქვთ მანამდე, სანამ ეს აქციები ჯდება კანონიერ ჩარჩოებში, როგორც კი განმეორდება ის, რაც მოხდა 20 ივნისს თბილისში ან რასაც ადგილი ჰქონდა 6 სექტემბერს აშშ-ში, ბუნებრივია ამ შემთხვევაში კანონი გასცემს პასუხს," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი საერთაშორისო გზავნილებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები სასიამოვნო არ იყო, თუმცა შინაარსში ვერ დაეთანხმება, რადგან სახელმწიფომ თავისი ვალდებულება აღასრულა:

"გავეცანი, ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო განცხადებები, თუმცა მათ შინაარსთან დათანხმება ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდება, იმიტომ, რომ, როდესაც ადამიანი არ ემორჩილება კანონს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეს კანონი აღასრულოს და ეს ვალდებულება ჰქონდა შსს-ს, არავის შეუტანია ჯერჯერობით ეჭვი იმაში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კანონიერი, ამ შემთხვევაში, კანონის აღსრულება მოხდა ძალის პროპორციული გამოყენებით, ყოველგვარი გადამეტების გარეშე აბსოლუტურად ცივილიზებული გზით და მეთოდებით და ამას სჭირდება შეფასება და მადლობა ეკუთვნის სახელმწიფოს და შსს-ს,"- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები