05 მარტი 2021,   17:45
ვრცლად
ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით განხორციელდა.

"ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ის გეგმა, რაც მათ სურთ, რომ სისრულეში მოიყვანონ. ეს ჩვენ ყველას გვინახავს, გაგვიგია და ეს არ არის რაიმე ახალი, რისი სურვილიც აქვთ ამ რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, იქნება ადეკვატური რეაქციებიც ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენ დღეს ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით. თქვენ დღეს ნახეთ მოზომილად, თავშეკავებით და მაქსიმალურად პროპორციული ღონისძიების გამოყენებით ისე, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, რა თქმა უნდა, აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან შეწუხებული იმ პოლარიზაციით, რაც დღეს საქართველოშია. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ვინმეს სურს ის მოცემულობა, რასაც ცდილობენ ექსტრემისტული და რადიკალური ჯგუფები. რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალური სიფრთხილით ვიმოქმედოთ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არავის არ მივცემთ  უფლებას, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი," - აღნიშნა  ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები