09 მარტი 2021,   14:21
ვრცლად
ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს მანდატები შესაძლოა ერთ კვირაში შეუჩერდეთ​

ბოიკოტგამოცხადებულ დეპუტატებს მანდატები შესაძლოა დაახლოებით ერთ კვირაში შეუჩერდეთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რეგლამენტი პროცედურულად ითვალისწინებს, რომ საკითხი პირველივე სხდომაზე გაიტანონ კენჭისყრაზე.

"ქართულ ოცნებასთან," შუამავლების გარეშე პირველი შეხვედრა უკვე გამართეს პარტია მოქალაქეების ლიდერებმა.

თუმცა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ არ აპირებენ ბოიკოტის შეწყვეტას. ოპოზიციის წევრების შეფასებით, მათი მოთხოვნების დასაკამაყოფილებლად "ქართულმა ოცნებამ" დრო ხელოვნურად გააჭინაურა.

ახალი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ოპოზიცია მომავალ კვირაში შეიკრიბება.

"გაწელეს ეს პროცესი იმ იმედით, რომ ვიღაცას შეიტყუებდნენ პარლამენტში, თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა და შეიძლება ითქვას, ყველა ოპოზიციონერიც კი, უარს აცხადებს, რომ პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის პირობებში შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ცრუ ვადების დაწესების ნაცვლად, თალაკვაძის მხრიდან, უმჯობესი იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიციონირება მომხდარიყო იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რასაც ოპოზიცია ლეგიტიმურად აყენებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველო" კი "ქართული ოცნების" მხრიდან კვლავ ცვლილებების მოლოდინშია. 

"თუ "ქართული ოცნება" რაიმე ტიპის ცვლილებებს გააკეთებს, დავუკვირდებით. მეტსაც გეტყვით, მონაწილეობის მიღება ცვლილებების განხორციელებაში შეიძლება პარლამენტის შიგნით მყოფი ადამიანებისგან და იმ პარტიების მონაწილეობითაც, რომელიც პარლამენტს გარეთ არის, მაგრამ ეს არის პრობლემის მხოლოდ ნაწილი და თანმდევი პროცესი. ჩვენი მთავარი პრობლემა არის მიტაცებული ძალაუფლება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის თქმით, თუ ხელისუფლება ვერ დაინახავს ხელახალი არჩევნების აუცილებლობას, ოპოზიციის ბოიკოტი გაგრძელდება.

დღის ამბები