04 მარტი 2021,   00:59
ვრცლად
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, მადლობა ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის - პრემიერის წერილი ჯო ბაიდენს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს ინაუგურაციას ულოცავს.

გიორგი გახარიას წერილს, რომელიც მან ჯო ბაიდენს გაუგზავნა აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ თქვენ, როგორც ლიდერს, და თქვენს ხედვას ამერიკული იდეალების ხორცშესხმასთან დაკავშირებით როგორც შინ, ისე მთელ მსოფლიოში. ამ ისტორიულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების სიძლიერე და სიმტკიცე.

ჩვენ საქართველოში ვიზიარებთ თქვენს რწმენას და გვჯერა, რომ თანამშრომლობით ჩვენ გავუძლებთ"კრიზისისა და გამოწვევების ჟამს" და კიდევ უფრო გაძლიერებულნი გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. თქვენი პრეზიდენტობის დასაწყისი გამოხმაურებას ჰპოვებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საქართველოში - ამერიკის ერთგულ მოკავშირე ქვეყანაში, რომელიც იზიარებს თქვენს ერთგულებას გლობალური ალიანსების განმტკიცების მიმართ. ჩვენს ერებს შორის მტკიცე პარტნიორობის ფესვები ემყარება საერთო ღირებულებებს და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თქვენი ფასდაუდებელი დახმარება ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმეს მომენტებში.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება, ყოველთვის მხარში დაუდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც თავის ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორს. ერთად ჩვენ შევძლებთ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას მთელ მსოფლიოში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საიმედო მხარემ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩემი ქვეყანა დღესაც წარმოადგენს მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ გლობალურ უსაფრთხოებას.

მომდევნო წლებში ჩვენი მიზანია საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ბუნებრივია, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენს წარმატების ქვაკუთხედს ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მტკიცე კავშირების უზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე ვაფასებთ თქვენი ლიდერობით გაწეულ ძალისხმევას ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რაც ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებების ხორცშესხმას ნატოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით.

ამერიკა ყოველთვის ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას ამ არსებითად მნიშვნელოვან სფეროში. ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულად ინტეგრირებული ძლიერი, უნარიანი საქართველო განამტკიცებს მშვიდობას და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება, გააგრძელოს თანამშრომლობა აშშ-სთან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების მიზნით. ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პარტნიორობას და განამტკიცებს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ამავე დროს, ხელს შეუწყობს რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ! ვიმედოვნებ, თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მიზნით, თქვენთან შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. გისურვებთ წარმატებას ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში თქვენი დიდი ერის ლიდერობაში და თქვენი ხედვის სრულად ხორცშესხმაში: მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში," - ნათქვამია გიორგი გახარიას წერილში.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისალოც წერილს უგზავნის ასევე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს.

"ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო ჰარის, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას. თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა.

2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე. შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, საქართველომ, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის წყალობით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა სახელისუფლებლო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების გატარება, კარგი მმართველობის პრაქტიკის და კანონის უზენაესობის განმტკიცება იქნება საქართველოს ახლადარჩეული მთავრობის მთავარი პრიორიტეტები.

ჩვენი ერები იზიარებენ საერთო პრინციპებს, იდეალებსა და სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მტკიცე მოკავშირეს რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ. ბოლო ათწლეულებში საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ავანგარდში იმყოფება, დგას რა ამერიკელი მებრძოლების გვერდით მსოფლიოს ცხელ წერტილებში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

თითქმის სამი ათწლეულის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენი პარტნიორობა გადაიზარდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ძლიერ ალიანსში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რისთვისაც გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას არაერთ სფეროში, დაწყებული თავდაცვითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული ვაჭრობითა და ეკონომიკით. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პირადი ერთგულება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების მიმართ.

და ბოლოს, გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების გზების განხილვის მიზნით. იმედითა და ოპტიმიზმით შევყურებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას," - ნათქვამია წერილში.

დღის ამბები