07 მარტი 2021,   12:50
ვრცლად
ჰააგაში ჩვენი საქმე საკმაოდ რთულად არის, რადგანაც მას არ აქვს "კბილები" - ანა დოლიძე 

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განმარტა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეებს აიყვანენ,  ეს უკვე რუსეთის პირდაპირი პასუხისმგებლობა იქნება და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის. 

"სტრასბურგის სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ თავად ომის მიმდინარეობის თემებს არ შეხებოდა და ეს გასაგებია, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებათა სასამართლო. იმ მომენტიდან, როდესაც იხსნება ცეცხლი, იმ მომენტამდე, როდესაც დაიდება ზავი მოქმედებს ომის სამართალი, ეს არის სხვა წესები. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ცეცხლის გახსნიდან - ზავის დადებამდე, მე უშუალოდ საომარ მოქმედებებს ვერ განვიხილავო, ეს იმიტომ, რომ მანდ მივა ჰააგის სასამართლო. 

დღესდღეობით, ვიცით და დადგინდა, რომ ზავის შემდეგ, ყველაფერზე პასუხისმგებელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო რუსეთი. შესაბამისად, გამოირიცხა საუბარი ბოევიკებზე, მოხალისეებზე, არაფორმალურ შენაერთებზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ხვალ, ზეგ, როდესაც ამ ტერიტორიაზე ტყვეებს აიყვანენ, ეს პასუხისმგებლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აღარ არის, ეს არის უკვე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა და ასე უნდა დააყენოს საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ. 

რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ჰააგაში ჩვენი საქმე საკმაოდ რთულად არის, რადგანაც მას არ აქვს "კბილები". ჩვენ მოვაწერეთ ხელი ყველა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩვენ ჰააგის სასამართლოს უნდა დავემორჩილოთ. რუსეთს კი არ აუღია თავის თავზე ვალდებულება ამ სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის," - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები