07 მარტი 2021,   12:33
ვრცლად
პანდემიის ახალი წესები - ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, სარესტორნო ბიზნესი - ეტაპობრივი გახსნა ნაწილობრივ იწყება

რეგულაციების ახალი სქემა და წესები, რომლითაც მომავალი ერთი თვე ვიცხოვრებთ. ეტაპობრივი გახსნა იწყება, თუმცა მთავრობა ფრთხილობს. სამი დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი, თუ არ ჩავთვლით მოლებისა და მაღაზიების გახსნას, ჯერ ისევ შეზღუდვებში რჩება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტამდე ძალაში რჩება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე.

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის ქუჩებში 1 თებერვლიდან დაბრუნდება. ზღვისპირა ქალაქის მსგავსად, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღადგენს, თუმცა არა შაბათ-კვირას. დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და ქუთაისის ქუჩებში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის თარიღად მთავრობა 1 მარტს ასახელებს, თუმცა, იმ დათქმით, რომ გეგმის სისრულეში მოყვანა ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

1 თებერვლიდან რესტორნებს სტუმრების საკუთარ, თუმცა ღია სივრცეში მიღების უფლება მხოლოდ აჭარის რეგიონში ექნებათ. სხვა ქალაქებში მდებარე სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები კი, მუშაობას აქამდე ცნობილი რეგულაციით გააგრძელებენ.

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე არსებული შეზღუდვებიც. არ აღდგება არც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.

პირველი თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღდგება. რეგულაციების შემსუბუქების მეორე ეტაპი ერთპუნქტიანია და 15 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობების გახსნას გულისხმობს.

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თითქმის 1 წლის განმავლობაში დაცარიელებულ კლასებში მოსწავლეები 1 თებერვლიდან დაბრუნდებიან. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით არსებული რეგულაციების დაცვის გარდა, ადმინისტრაციას ვალდებულება ექნება მასწავლებლებს ტესტი კორონავირუსზე 2 კვირაში ერთხელ ჩაუტაროს. მხოლოდ ონლაინსივრცეში სწავლა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მცხოვრები მოსწავლეებისათვის კი, სავარაუდოდ, 1 მარტიდან დასრულდება.

გეგმის მიხედვით, ამავე დღეს უნდა განახლდეს სწავლა საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

დღის ამბები