05 მარტი 2021,   16:23
ვრცლად
სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში - სალომე სამადაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ელოდება კიდევ არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნას. 

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლოს აღსრულების ნაწილში უფრო მეტი მექანიზმი აქვს. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს კონკრეტული განმარტება - აპირებს თუ არა ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მართლმსაჯულების სასამართლოში.

"ეს გადაწყვეტილება იძლევა იმის საშუალებას, რომ გააქტიურებული იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მათ შორის, ევროსაბჭოს ფარგლებში გააქტიურებული იყოს ადრე მიღებული რეზოლუციები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ცალკე აქცენტი უნდა გაკეთდეს, არის საქართველო-რუსეთის დავა, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში.

მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტება - აპირებს თუ არა, ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მართლმსაჯულების სასამართლოში, რადგან აქამდე ამის გასაკეთებლად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. ასევე, უნდა მოვისმინოთ კონკრეტული ახსნა იმაზე, თუ აქამდე რატომ არაფერი გააკეთეს," - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე. 

სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოში ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვაში დაგვეხმარება.

"პრეცედენტი არ არის ჰააგისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს პოზიციებს ცხადია აძლიერებს სტრასბურგის გადაწყვეტილება. ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, ეს დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვაში. ახლა მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაააქტიუროს მცდელობა, რადგანაც ჰააგის სასამართლოში პროცესი, გარკვეულწილად, ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ ქართული მხარე შესაბამისად არ აქტიურობდა," - აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. 

სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

დღის ამბები